44558/98
WyrokETPCz2001-07-24ECLI:CE:ECHR:2001:0724JUD004455898
Analiza orzeczenia
Sekcja wygenerowana przez AI na podstawie treści orzeczenia — nie stanowi cytatu.
Zagadnienie prawne
1. Czy ogólne warunki odbywania kary pozbawienia wolności w więzieniu Pravieniškės (w jednostce izolacyjnej SAB, w reżimie zwykłym oraz w celi izolacyjnej) stanowiły nieludzkie lub poniżające traktowanie w rozumieniu art. 3 Konwencji? 2. Czy przeszukanie osobiste skarżącego w obecności funkcjonariuszki płci żeńskiej i dotykanie jego genitaliów oraz jedzenia gołymi rękami stanowiło poniżające traktowanie w rozumieniu art. 3 Konwencji? 3. Czy rzekoma wiktymizacja skarżącego przez administrację więzienną i brak skutecznego rozpatrzenia jego skarg stanowiły naruszenie art. 3 Konwencji? 4. Czy kontrola korespondencji skarżącego z organami konwencyjnymi stanowiła naruszenie prawa do poszanowania korespondencji z art. 8 Konwencji? 5. Czy opóźnienie w wysyłaniu korespondencji skarżącego do Trybunału stanowiło utrudnianie prawa do skargi indywidualnej z art. 34 Konwencji?Ratio decidendi
Trybunał uznał, że ogólne warunki panujące w więzieniu, choć nieidealne, nie osiągnęły minimalnego poziomu dotkliwości wymaganego do stwierdzenia naruszenia art. 3 Konwencji. Jednakże, w odniesieniu do przeszukania osobistego, Trybunał stwierdził, że zmuszenie skarżącego do rozebrania się w obecności funkcjonariuszki płci żeńskiej oraz dotykanie jego genitaliów i jedzenia gołymi rękami stanowiło rażący brak szacunku i naruszyło jego godność, osiągając próg poniżającego traktowania. W kwestii korespondencji z organami konwencyjnymi, Trybunał podkreślił, że taka korespondencja powinna być poufna, a rząd nie przedstawił żadnego uzasadnienia dla jej kontroli, co doprowadziło do stwierdzenia naruszenia art. 8. Natomiast opóźnienia w wysyłce listów nie były na tyle znaczące, aby uznać je za celowe utrudnianie prawa do skargi indywidualnej.Stan faktyczny
Skarżący, Juozas Valasinas, obywatel Litwy urodzony w 1974 roku, odbywał karę dziewięciu lat pozbawienia wolności za kradzież i posiadanie broni palnej. Od kwietnia 1998 do kwietnia 2000 roku przebywał w więzieniu Pravieniškės, początkowo w jednostce izolacyjnej SAB, następnie w reżimie zwykłym, a także krótko w celi izolacyjnej. Skarżył się na przeludnienie, złe warunki sanitarne, niedostateczną opiekę medyczną i brak zajęć. Ponadto, zarzucił, że 7 maja 1998 roku został poddany upokarzającemu przeszukaniu osobistemu w obecności funkcjonariuszki płci żeńskiej. Twierdził również, że był ofiarą wiktymizacji ze strony administracji więziennej z powodu jego działalności w stowarzyszeniu 'Aim' i składania skarg, a także że jego korespondencja z ETPCz była otwierana i opóźniana.Rozstrzygnięcie
Trybunał jednogłośnie:
1. Stwierdza naruszenie art. 3 Konwencji w odniesieniu do przeszukania osobistego skarżącego z 7 maja 1998 r.
2. Stwierdza brak naruszenia art. 3 Konwencji w odniesieniu do pozostałych zarzutów skarżącego dotyczących warunków jego pozbawienia wolności i traktowania.
3. Stwierdza naruszenie art. 8 Konwencji.
4. Stwierdza brak naruszenia art. 34 Konwencji.
5. Zasądza na rzecz skarżącego 6 000 LTL tytułem szkody niemajątkowej oraz 1 693.87 LTL tytułem kosztów i wydatków, powiększone o wszelkie należne podatki, płatne w ciągu trzech miesięcy od daty uprawomocnienia się wyroku, z odsetkami ustawowymi w wysokości 9.28% rocznie po upływie tego terminu.
6. Oddala pozostałe roszczenia skarżącego dotyczące słusznego zadośćuczynienia.Pełny tekst orzeczenia
დოკუმენტი მომზადებულია საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადამიანის უფლებათა ცენტრის (www.supremecourt.ge) მიერ. თარგმანის ხელახალი გამოქვეყნების ნებართვა გაცემულია მხოლოდ სასამართლოს HUDOC მონაცემთა ბაზაში განთავსების მიზნით.
The document was provided by the Supreme Court of Georgia, Human Rights Centre (www.supremecourt.ge). Permission to re-publish this translation has been granted for the sole purpose of its inclusion in the Court’s database HUDOC.
მესამე სექცია
ვალასინასი ლიტვის წინააღმდეგ
(საჩივარი № 44558/98)
გადაწყვეტილება
სტრასბურგი
2001 წლის 24 ივლისი
საბოლოო
24/10/2001
საქმეზე ვალასინასი ლიტვის წინააღმდეგ,
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს (მესამე სექცია), პალატამ , შემდეგი შემადგენლობით:
ჯ.პ.კოსტა, თავჯდომარე,
ლ. ლუკაიდესი.
პ. კურისი,
ფ. თულკენსი,
კ.ჯანგვერტი,
ნიკოლას ბრატზა,,
ჰ.ს გრევე, მოსამართლეები,
და ს.დოლლე, სექციის განმწესრიგებელი,
2000 წლის 14 მარტისა და 2001 წლის 3 ივლისის ა დახურულ სხდომებზე განხილვის შემდეგ,,
გამოაქვს შემდეგი გადაწყვეტილება, რომელიც მიღებულ იქნა აღნიშნულ ბოლო განხილვისას:
პროცედურა
საქმეს საფუძვლად დაედო, ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის („კონვენცია“) ძველი რედაქციის 25-ე მუხლის შესაბამისად ადამიანის უფლებათა ევროპულ კომისიაში („კომისია“), 1998 წლის 14 მაისს, ლიტვის წინააღმდეგ, შეტანილი საჩივარი (№44558/98) ლიტვის მოქალაქის ბ-ნ ჯუოზას ვალასინასის მიერ („მომჩივანი“).
მომჩივანს, რომელსაც მიენიჭა უფასო იურიდიული დახმარება, სასამართლოს წინაშე წარმოადგენდა ბ-ნი ვ. სვიდერსკისი, ადვოკატი, რომელიც საადვოკატო საქმიანობას ახორციელებს ვილნიუსში. ლიტვის მთავრობას წარმოადგენდა მათი სახელმწიფო წარმომადგენელი ბ-ნი გ. სვედასი, იუსტიციის მინისტრის მოადგილე.
მომჩივნის მტკიცებით, მისი პატიმრობის პირობები, პრავიენისკეს ციხეში, 1998 წლის აპრილიდან 2000 წლის აპრილამდე, წარმოადგენდა არაადამიანურ და დამამცირებელ მოპყრობას კონვენციის მე-3 მუხლის დარღვევის საფუძველზე და კონვენციურ ორგანოებთან მისი მიმოწერის კონტროლი ციხის ადმინისტრაციის მიერ წარმოადგენდა კონვენციის მე-8 და 34-ე მუხლების დარღვევას.
საჩივარი სასამართლოს გადაეცა 1998 წლის პირველ ნოემბერს, როდესაც კონვენციის მე-11 ოქმი შევიდა ძალაში (მე-11 ოქმის მე-5 მუხლი, მე-2 პარაგრაფი).
საჩივარი განსახილველად გადაეცა სასამართლოს, მესამე სექციას (სასამართლოს რეგლამენტის 52-ე მუხლის პირველი პარაგრაფი). ამ სექციაში, პალატა რომელსაც უნდა განეხილა საქმე (კონვენციის 27-ე მუხლის პარაგრაფი 1 ) შედგენილ იქნა, 26-ე მუხლის პირველი პარაგრაფის თანახმად.
2000 წლის 14 მარტის გადაწყვეტილებით პალატამ საჩივარი გამოაცხადა ნაწილობრივ მისაღებად [სამდივნოს ჩანაწერი : სასამართლოს ეს გადაწყვეტილება ხელმისაწვდომია სამდივნოში]. 2000 წლის 25 და 26 მაისს სასამართლოს წარმომადგენლებმა მოიპოვეს მტკიცებულებები ლიტვაში და მათ შორის მოინახულეს პრავიენისკეს ციხე.
ფაქტები
I. საქმის ფაქტობრივი გარემოებები
ა. მოვლენების მოკლე აღწერა
7. მომჩივანი არის ლიტვის მოქალაქე, დაბადებული 1974 წელს.
8. 1993 წლის 5 ოქტომბრიდან მომჩივანი, ცხრა წლიანი პატიმრობის სახით, იხდიდა სასჯელს ქურდობისთვის და ცეცხლსასროლი იარაღის ფლობისა და ვაჭრობისთვის. 1998 წლის აპრილის დასაწყისში (კონკრეტული თარიღი არ არის დადგენილი) იგი გადაყვანილ იქნა ლუკისკეს ციხიდან პრავიენისკეს ციხეში (Pravieniškių 2-oji sustiprintojo režimo pataisos darbų kolonija).
9. მომჩივანი პრავიენისკეს ციხეში გადაყვანისთანავე, მოთავსებულ იქნა ციხის განცალკევებით იზოლაციის ნაწილში (Sunkiai auklėjamųjų būrys – “the SAB”), რომელიც მდებარეობდა ციხის მე-5 დანაყოფში (V lokalinis sektorius). 1998 წლის 30 ივნისს მომჩივანი გაათავისუფლეს SAB-იდან და მოთავსებულ იქნა ჩვეულებრივ პირობებში ციხის პირველ დანაყოფში (I lokalinis sektorius) მდებარე, მე-13 და მოგვიანებით 21-ე სექტორებში (13 ir 21 brigados). 1999 წლის 5-დან 20 იანვრამდე მოთავსებულ იქნა განმარტოებით საკანში (Baudos izoliatorius). შემდეგ, 1999 წლის 20 იანვარს, ისევ SAB-ში (განმარტოებით საკანში) მოათავსეს. მომჩივანი პრავიენისკის ციხეში იმყოფებოდა 2000 წლის 14 აპრილამდე, პრეზიდენტის შეწყალების შედეგად მის გათავისუფლებამდე.
10. აღნიშნული საქმე შეეხება პრავიენისკეს ციხეში მომჩივნის პატიმრობის არსებულ პირობებს და იმას თუ, როგორ ეპყრობოდნენ პირადად მას 1998 წლის აპრილიდან 2000 წლის აპრილამდე.
ბ. სასამართლოს წარმომადგენლების წინაშე მიცემული ზეპირი ჩვენებები
1. მომჩივანი
11. მომჩივანს ჩვენება ჩამოართვეს სასამართლოს წარმომადგენლებმა ვილნიუსში 2000 წლის 25 მაისს და შემდეგ 2000 წლის 26 მაისს პრავიენისკეში. მომჩივნის ჩვენებების შეჯამება შესაძლებელია შემდეგნაირად.
(ა) პატიმრობის ზოგადი პირობები
(i) SAB
12. ეს ნაწილი შედგებოდა საერთო საძინებლისგან, სადაც 22 პატიმარი ერთად იყო მოთავსებული, პატარა სამზარეულოსაგან, მოსასვენებელი ოთახისაგან და საშხაპესგან. მომჩივნის აზრით, მხოლოდ 6-დან 8 ადამიანამდე შეიძლება იყოს მოთავსებული SAB-ში და შესაბამისად ის ძალიან გადატვირთული იყო. მხოლოდ საძინებელს ჰქონდა ფანჯარა. მოსასვენებელ ოთახში და სამზარეულოში არც სავინტილაციო სისტემა და არც ფანჯარა არ იყო. სამზარეულოში ფანჯარა მხოლოდ 1999 წელს ჩატარებული სარემონტო სამუშაოების შედეგად დამონტაჟდა.
13. SAB-ს ჰქონდა დერეფანი, რომელსაც გასასვლელი ჰქონდა პატარა შიდა ეზოსკენ. ეზო ზემოდან დაფარული იყო მავთულხლართებით, რომელიც ზამთარში თოვლით იფარებოდა. შედეგად ზამთარში სინათლე ვერ აღწევდა ეზოში.
14. საპიფარეშო შედგებოდა რვა აზიური ტიპის „იატაკის ტუალეტებისაგან“, რომლებსაც არ ჰქონდათ გამყოფები ბარიერები. პატიმრები საპირფარეშოს იყენებდნენ, რიგრიგობით, რადგან პატივი ეცათ ერთმანეთის პირადი ცხოვრებისთვის. აქ ფანჯრები არ იყო, ხოლო სავინტილაციო სისტემა მხოლოდ 1999 წლის ბოლოს ჩატარებული სარემონტო სამუშაოების შემდგომ იქნა დამონტაჟებული. შედეგად საპირფარეშოში აუტანელი სუნი იყო.
15. პატიმრებისთვის თავიანთი ტანსაცმლის გასარეცხად, ციხის სამრეცხაო, არ იყო ხელმისაწვდომი, აქედან გამომდინარე ისინი რეცხავდნენ საშხაპეებში თასების მეშვეობით. ასეთი ნივთების გაშრობა პატარა შიდა ეზოში რთული იყო. გარდა ამისა პირადი საწოლის ნივთები არ ჰქონდათ, თითოეული პატიმარი ციხის ადმინისტრაციისაგან იღებდა საწოლის თეთრეულს და პირსახოცებს, რომლებიც რეგულარულად ირეცხებოდა ციხის სამრეცხაოში.
16. ადმინისტრაციის უფლებამოსილი პირები სტუმრობდნენ SAB-ს, მხოლოდ საკვების მიწოდებისა და შემოწმების დროს. ციხის უფროსი დროგამოშვებით სტუმრობდა ნაწილს. ექიმები SAB-ში ძალიან იშვიათად მიდიოდნენ. ერთადერთ საშუალებას, გარე სამყაროსთან კომუნიკაციის დასამყარებლად წარმოადგენდა ტელეფონი. 1998 წლის 11 ივნისს მომჩივანმა იგრძნო, რომ მას სიცხემ აუწია. მისი მდგომარეობა იმდენად მძიმე იყო, რომ SAB-ში რეგულარულ შემოწმებას ვერ ესწრებოდა და ლოგინში ჩაწვა. მან ზედამხედველებს სთხოვა, რომ ექიმი მოეყვანათ მან ასევე გამოიყენა სპეციალური სატელეფონო კავშირი ციხის სამედიცინო სამსახურთან. მიუხედავად ამისა მას არ უპასუხეს, რადგან სადილის დრო იყო. მომჩივანმა აღარ დარეკა განმეორებით ციხის სამედიცინო სამსახურში. ამის ნაცვლად მან, დღის განმავლობაში, რამდენჯერმე სთხოვა სიტყვიერად SAB-ის ზედამხედველებს, მოეყვანათ ექიმი. სამედიცინო პერსონალი, მხოლოდ 1998 წლის 16 ივნისს მოვიდა და დაადასტურა, რომ იგი გაცივებული იყო და მომჩივანს უთხრეს, რომ საწოლში დარჩენილიყო.
17. არანაირი სამუშაო, გამაჯანსაღებელი და სხვა სახის მნიშვნელოვანი ღონისძიებები არ ხორციელდებოდა ნაწილში. ერთადერთი აქტიურობა, რომელიც დაშვებული იყო SAB-ში იყო ჭადრაკის თამაში. მომჩივანმა აღიარა, რომ ტელევიზორის ყურებაზე, რადიოს მოსმენაზე და კითხვაზე შეზღუდვები არ იყო დაწესებული.
(ii) ჩვეულებრივი რეჟიმი (პირველი დანაყოფი)
18. მომჩივანი პატიმრობისას განთავსებული იყო მე-13 და 21-ე სექციებში, რომლებიც მდებარეობს ციხის პირველ დანაყოფში. ციხის ხუთივე დანაყოფი გათვლილი იყო 300 პატიმარზე. ციხე მნიშვნელოვნად გადატვირთული იყო. დაახლოებით 400-მდე პატიმარი იყო განთავსებული პირველ დანაყოფში, რომელიც შედგებოდა 12 სექციისაგან კერძოდ, საერთო საცხოვრებლისგან და მომიჯნავე საპირფარეშოსაგან, სადაც 20-30 პატიმარი იყო მოთავსებული. მე-13 სექციაში სულ 32 პატიმარს ეძინა, როდესაც იქ მომჩივანი იყო მოთავსებული. 21-ე სექციაში ცხოვრობდა 24 პატიმარი. მომჩივნის აზრით, მაქსიმუმ 8 კაცის ადგილი იყო მე-13 სექციაში და 6 კაცის 21-ე სექციაში. სექციაში არ იყო ჰაერი, განსაკუთრებით ღამით, გადატვირთულობის გამო. საერთო საცხოვრებლებში დამონტაჟებული ორ სართულიანი საწოლები თითქმის სრულიად ფარავდა ფანჯრებს, ამგვარად ხელს უშლიდა გარედან ჰაერის ახალი ნაკადის შემოდინებას. დღის განმავლობაში, პატიმრებს ნებას რთავდნენ თავისუფლად ევლოთ წრეზე ციხის ამ დანაყოფში და მის გარე სასეირნო ეზოში.
19. სანიტარული პირობები სავალალო იყო. ტუალეტები, ხელსაბანები და საშხაპე მოწყობილობები სავსე იყო მიკროორგანიზმებით. ბევრი ადგილიდან ჟონავდა და წყლის მილები ძალიან ძველი, დაჟანგებული და ობით დაფარული იყო. საპირფარეშოები ამ სექციაში შედგებოდა აზიური ტიპის „იატაკის ტუალეტისაგან“, რომლებიც ერთმანეთისგან ბარიერით განცალკევებული არ იყო. ტუალეტის ქაღალდების არარეგულარული მიწოდება ხდებოდა. მომჩივნის თქმით, მისთვის სისუფთავის შენარჩუნება ძალიან რთული იყო, რადგანაც კვირაში მხოლოდ ერთხელ იყო ნებადართული ბანაობა ისიც დადგენილ დღეს. სხვა დღეს შხაპის მიღება ისჯებოდა. საშხაპე მოწყობილობა კვირაში, მხოლოდ ხუთი დღის განმავლობაში მუშაობდა და ყოველთვის გადატვირთული იყო. ზაფხულის განმავლობაში ცხელი წყალი მხოლოდ შაბათ-კვირას იყო ხელმისაწვდომი. მომჩივნის საწოლის ქვეშაგებიირეცხებოდა ციხის სამრეცხაოში. პირად ნივთებს, როგორიცაა ტანსაცმელები პატიმრები რეცხავდნენ ხელით ხელსაბანში.
20. დღეში სამჯერადი კვება იყო. პრავიენისკეს ციხის თითოეული პატიმრის კვებაზე ყოველდღიურად იხარჯებოდა მხოლოდ 2,17 ლიტი (LTL). საკვები ყოველთვის ცივი იყო და არ იყო არაანაირი მოწყობილობა მის გასათბობად. ბოსტნეული, მხოლოდ კვირაში ერთხელ ემატებოდა საკვებ რაციონს. სულ ცოტა კვირაში სამჯერ, მაინც სადილის ჭამა შეუძლებელი იყო, მისი საშინელი გემოს გამო. საერთო, საკვების მომზადებისას სანიტარული წესები არ იყო დაცული. მომჩივანი, ხანდახან, ხის ნათლებს, პატარა ქვებს და მეტალის ნატეხებსაც კი პოულობდა მის საკვებში. დამატებითი საკვების მოწოდება, ციხის სასადილოდან შესაძლებელი იყო მხოლოდ მაშინ, როდესაც სპეციალური კვების დიეტის რეკომენდაციას გასცემდა ექიმი. იმის გათვალისწინებით, რომ ციხის სასადილო საკმარისად დიდი არ იყო იმისათვის, რომ ყველა პატიმარი ერთდროულად განთავსებულიყო, პატიმრები რიგრიგობით სადილობდნენ. მიუხედავად ამისა, პატიმართა რიცხვი ყველა ცვლაში იმაზე მეტი იყო ვიდრე სასადილოში არსებული ადგილების რაოდენობა. პატიმრები, რომლებიც მოგვიანებით შედიოდნენ საკვების გარეშე რჩებოდნენ ხოლმე. აქ ასევე იყო ციხის მაღაზია, სადაც პატიმრებს შეეძლოთ დამატებითი საკვების შეძენა. მომჩივანმა აღიაარა, რომ ჩვეულებრივ ასი ლიტი ჰქონდა, ხოლმე მას ციხის მაღაზიის ანგარიშზე. ასევე იყო საგანთა შეზღუდული სია, რომელთა გადაცემაც შეეძლოთ პატიმართა ახლობლებს პატიმრებისთვის, პირადი ვიზიტების დროს. მომჩივანს ნებას რთავდნენ, რომ მიეღო დამატებითი საკვები პირადი ვიზიტების დროს.
21. კვალიფიციური ექიმები ციხეს, მხოლოდ დროგამოშვებით სტუმრობდნენ. შესაბამისად, შეუძლებელი იყო მუდმივი, პროფესიონალური სამედიცინო დახმარების მიღება ციხის ლაზარეთში. ლაზარეთში მედიკამენტების სიმცირე იყო, განსაკუთრებით კი ტკივილგამაყუჩებლების. ყველა ავადმყოფობას ასპირინითა და პარაცეტამოლით მკურნალობდნენ. მომჩივნის თქმით, მას ჰქონდა გულის დაავადება. მუხედავად ამისა, მას არ ჩატარებია შესაბამისი კარდიოლოგიური გამოკვლევა ციხის ლაზარეთში. მომჩივანი ასევე ამტკიცებდა, რომ მას ჰქონდა მუხლის პრობლემები მისი ჭარბი წონის გამო. ციხის ადმინისტრაციამ არ გაუკეთა მუხლის ოპერაცია შესაბამისი მოწყობილობების არ არსებობის გამო. თუმცა, მომჩივანი აღიარებს, რომ მუხლის ოპერაცია გადაუდებელ აუცილებლობას არ წარმოადგენდა. ციხის გარეთ ყოფნისას მას არ უცდია მუხლის ოპერაციის გაკეთება მაღალი ფასის გამო. მომჩივანმა ასევე განაცხადა, რომ ჰქონდა გასტრიტი, მაგრამ ციხის ექიმებმა უარი უთხრეს, ციხის სასადილოში, სპეციალური კვება გამოეწერათ მისთვის.
22. შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანების შემდგომ 1998 წლის აგვისტოდან ნოემბრამდე ყველა პატიმარი დაექვემდებარა „დგომის რეჟიმს“. არცერთ პატიმარს არ ჰქონდა საწოლში ყოფნის უფლება , გაღვიძების შესახებ გამოცხადებიდან დილის 06:30 დან კარებების დაკეტვამდე, ღამის10:30-მდე, ეს დღეში 16 საათს შეადგენდა. გამონაკლისი ამ ბრძანებიდან დაიშვებოდა, მხოლოდ ექიმის რეკომენდაციისას. მომჩივანმა პრეტენზია განაცხადა, რომ ბევრ პატიმარს და განსაკუთრებით მას მისი წონისა და გულის პრობლემების გამო, არ შეეძლოთ ამ რეჟიმის ატანა. თუმცა, ციხის ექიმებმა დაადგინეს, რომ მომჩივანს შეეძლო ამ ბრძანების შესრულება. მომჩივნისა და სხვა პატიმრების მრავალი საჩივრის შედეგად, ომბუდსმენმა გასცა, ამ ბრძანების გაუქმების რეკომენდაცია. მომჩივანი ამტკიცებს, რომ მიუხედავად ამისა ეს რეჟიმი შენარჩუნდა.
23. ციხეში არ იყო სამუშაო და მნიშვნელოვანი აქტივობების რაოდენობა შეზღუდული იყო. თუკი ამინდი საშუალებას იძლეოდა, შესაძლებელი იყო სასეირნო ეზოში სპორტით დაკავება, თუმცა ზამთარში ასეთი შესაძლებლობა არ არსებობდა. ასევე ცოტა კონცერტი და კინო ჩვენება იმართებოდა. არანაირი გადამზადებისა და საგანმანათლებლო პროგრამების ორგანიზება არ ხორციელდებოდა ციხეში.
24. მომჩივანმა თავდაპირველად იჩივლა მის ნათესავებთან შეხვედრის უფლებაში ჩარევის გამო. თუმცა, სასამართლოს წარმომადგენლებთან საუბრისას, მან აღიარა, რომ მას საკმარისი შესაძლებლობები ჰქონდა ახლობლებთან შეხვედრისა, კერძოდ მისი საჩივრების შედეგად, ომბუდსმენის ჩარევის შემდეგ,.
(iii) განმარტოებით საკანში
25. 1999 წლის 5 იანვრიდან 20 იანვრამდე მომჩივანი სხვა პიროვნებასთან ერთად მოთავსებული იყო განმარტოებით საკანში, რომლის ფართიც დაახლოებით 6 კვადრატული მეტრია. აი იყო აზიური ტიპის ტუალეტი, ხელსაბანი დასაბანად და ოთახის შუაში მოთავსებული მაგიდა.
(b) ციხის ადმინისტრაციის სპეციფიკური ქმედებები
(i) 1998 წლის 7 მაისის პირადი ჩხრეკა
26. 1998 წლის 7 მაისს მომჩივანს ჰქონდა პირადი შეხვედრა, რომლის დროსაც მას გადასცეს დამატებითი საკვები. ამის შემდეგ, იგი შეაჩერეს გასასვლელში ჩვეული უსაფრთხოების შემოწმებისათვის, რომ დაედგინათ, რაიმე უკანონო ნივთი გადასცეს თუ არა. ჩხრეკა ჩაატარა მთავარმა ზედამხედველმა პ.-მ, ხოლო ორი ოფიცერი აკვირდებოდა. პ.-მ მომჩივანს უთხრა, რომ გაეხადა ტანსაცმელი. როდესაც მომჩივანი დარჩა მხოლოდ საცვლებში, მდედრობითი სქესის ციხის ოფიცერი, შემოვიდა ოთახში. პ.-მ ამის შემდეგ უთხრა, რომ მთლიანად გაშიშვლებულიყო. ოფიცერი შეუსრულებლობის შემთხვევაში საყვედურის გამოცხადებით დაემუქრა. მომჩივანი დაემორჩილა ბრძანებას და გაიხადა საცვალი ქ-ნი ჯ.-ს თანდასწრებით, რომელიც შემოწმების პროცესს უყურებდა დანარჩენ ოფიცრებთან ერთად და თან სიგარეტს ეწეოდა. მომჩივნის სხეული, სათესლე ჯირკვლების ჩათვლით, შემოწმებულ იქნა მამრობითი სქესის ოფიცრების მიერ. ოფიცრებს არ ეცვათ ხელთამანები, მომჩივნის სასქესო ორგანოების შეხებისას და შემდეგ დაუბანელი ხელებით შეეხნენ მისი ახლობლების მიერ მოტანილ საკვებს. მომჩივანს ასევე უბრძანეს დამჯდარიყო და ამდგარიყო, რათა დაედგინათ, რაიმეს ხომ არ მალავდა ყითა ნაწლავში. რაიმე უკანონო ნივთი ვერ იქნა ნაპოვნი. ის ამტკიცებდა, რომ ამ შემოწმების მიზანი იყო ქალის თანდასწრებით მისი დაცინვა.
(ii) მომჩივნის მიმართ სავარაუდო ვიქტიმიზაცია და განხილვის არ არსებობა
27. მომჩივნის თანახმად, დაბალი რანგის ციხის პერსონალს ძალიან დაბალი კვალიფიკაცია და არასრულფასოვნების კომპლექსი ჰქონდათ და მათ ძალაუფლებას დამამცირებელი გზებით ავლენდნენ. ადმინისტრაცია ნებას რთავდა პერსონალს, სამუშაო საათებში, მუდმივად მოეხმარათ ალკოჰოლი. ციხის ადმინისტრაცია, სავარაუდოდ, ბევრ პატიმარს იყენებდა, როგორც საიდუმლო ინფორმატორს და სანაცვლოდ პირდებოდა შეწყალებას ან პირობით ადრე გათავისუფლებას. ციხის პერსონალის ქმედებები მომჩივნის მიმართ იყო პროვოკაციული ხასიათის. მას ყოველდღე არასათანადოდ ეპყრობოდნენ, მისი მტკიცე წინააღმდეგობისა და ლიტვაში არსებული ზოგადი პენიტენციური სისტემის პოლიტიკისადმი კრიტიკის გამო და ასევე მისი მხრიდან განსაკუთრებული კრიტიკისა ციხეში არსებული პატიმრობის პირობებთნ მიმართებით. მან ასევე წარმოადგინა მისი სავარაუდო ვიქტიმიზაციის შემდგომი მაგალითები.
28. მომჩივნის SAB-ში მოთავსება თვითნებური იყო, რადგან მასთან დაკავშირებით არანაირი დისციპლინური ჩანაწერი არ არსებობდა ამ დღემდე. 1998 წლის 30 ივნისს, SAB -იდან გათავისუფლების შემდეგ, მისი პატიმრობა გაგრძელდა ჩვეულებრივ რეჟიმში, და უკეთეს პირობებშიც კი იმყოფებოდა. 1998 წლის 20 აგვისტოს რამდენიმე პატიმარმა დააფუძნა ასოციაცია ურთიერთდახმარებისა და მხარდაჭერისთვის სახელად "Aim"-ი. მომჩივნი არჩეულ იქნა ასოციაციის თავმჯდომარედ. 1998 წლის 24 აგვისტოს ადმინისტრაციამ მომჩივანს დააკისრა დისციპლინური სასჯელი და მომჩივანს ჩამოერთვა პატიმრობის უკეთეს პირობებში ყოფნის უფლება. მომჩივნისთვის სასჯელის დაკისრების ოფიციალური საფუძველი იყო, საიდუმლო ინფორმატორის მიერ მიწოდებული ინფორმაცია მომჩივნის მიერ სხვა პატიმრის ცემის ფაქტთან დაკავშრებით. მომჩივანმა უარყო ცემის ფაქტი და განაცხადა, რომ ის იყო, მხოლოდ დამსწრე და არ ჩარეულა. მომჩივნის საჩივრები ციხის დეპარტამენტში და ომბუდსმენთან სასჯელის უკანონობასთან დაკავშრებით უარყოფილ იქნა უსაფუძვლობის გამო.
29. 1998 წლის 10 ოქტომბერს მომჩივანს ციხის მაღაზიაში საკვების ყიდვის უფლება შეუჩერეს ერთი თვით და 1998 წლის 13 ოქტომბერს მან მიიღო დისციპლინური გაფრთხილება სხვა პატიმრების მიმართ ძალის გამოყენების მუქარის გამო. ადმინისტრაციამ ამ სასჯელებთან დაკავშრებით საჩივრებიც უარყო. მისი საჩივარი ციხის პერსონალის, ოფიცერ კმიელიაუსკას, წინააღმდეგ, რომელიც სავარაუდოდ ამ სასჯელების ინიციატორი იყო, არ განხილულა.
30. 1998 წლის 15 ოქტომბერს, მომჩივანი დასაჯეს პირველი დანაყოფის ტერიტორიის დატოვების გამო. მას უბრძანეს, რომ გაეწმინდა 21 სექციის ფანჯრები. ამ სასჯელის შესრულება უნდა გაკონტროლებულიყო ოფიცერ კმიელიაუსკას მიერ. მომჩივანმა თავდაპირველად უარი თქვა პერსონალის ამ წევრის და სხვა პატიმრების თანდასწრებით ფანჯრების გაწმენდაზე, რადგანაც ეს, სავარაუდოდ, ნიშნავდა პერსონალის ამ წევრის მიმართ მისი გასაჩივრების უფლების დარღვევას . მომჩივანმა მოგვიანებით გაწმინდა ფანჯრები დაკვირვების გარეშე. ოფიცერმა კმიელიაუსკასმა დავალება შესრულებულად არ მიიჩნია.
31. 1998 წლის 16 ოქტომბერს, რადგანაც ციხის უფროსი ადგილზე არ იმყოფებოდა, ოფიცერმა, კმიელიაუსკასმა გასცა, მომჩივნის განმარტოებით საკანში მოთავსების ბრძანება. იგი ხელბორკილ დადებული, მაშინვე გადაიყვენეს, განმარტოებით საკანში. ერთ საათში ციხისუფროსი დაბრუნდა ციხეში. მომჩივნის და სხვა პატიმრების მოსმენის შემდეგ, უფროსმა გადაწყვიტა, რომ მომჩივანს, 1998 წლის 15 ოქტომბერს, არ დაურღვევია მოვალეობა და მომჩივანი დაუყოვნებლივ განთავისუფლებულ იქნა განმარტოებით პატიმრობიდან.
32. სასამართლოსათვის წარმოდგენილ წერილობით არგუმენტებში, მომჩივანმა განაცხადა, რომ 1998 წლის 23 ოქტომბერს მან მიიღო გაფრთხილება, დილის 6:40 წუთამდე ძილისთვის, ეს იყო 10 წუთით მეტი გაღვიძებისათვის დადგენილ დროსთან შედარებით. სასამართლოს წარმომადგენლებთან შეხვედრისას მან დაჟინებით განაცხადა, რომ ოფიცრები საკანში შევიდნენ და ლოგინში მყოფი ნახეს იგი, დილის 6:30 წუთზე. 1998 წლის 28 ოქტომბერს, მან მიიღო მორიგი დისციპლინარული გაფრთხილება, პირადი ხაზის მიღმა რიგში დგომისთვის, როდესაც იცდიდა, რათა დაერეკა მისი ახლობლებისთვის.
33. 1998 წლის დეკემბერში, მომჩივანს, „კონფიდენციალურმა წყაროებმა“, მიაწოდეს ინფორმაცია, რომ პერსონალის ერთ-ერთი წევრი ბ. ჩართული იყო კრიმინალურ საქმიანობაში, დოკუმენტების გაყალბებასთან დაკავშირებით. 1998 წლის 28 დეკემბერს მომჩივანმა შეიტანა სპეციალური საჩივარი ბ.-ს წინააღმდეგ „Aim“-ის სახელით. საჩივარი გადაეცა ადმინისტრაციას, რათა გადასცემოდა ომბუდსმენს. 1998 წლის 29 დეკემბერს ციხის ადმინისტრაციის მაღალი რანგის წარმომადგენელმა, სავარაუდოდ სთხოვა მომჩივანს, რომ არ გაეგზავნა საჩივარი და დაპირდნენ, რომ ბ.-ს სამსახურიდან დაითხოვდნენ და მომჩივანს პატიმრობის უკეთეს პირობებს შეუქმნიდნენ. მომჩივანმა ამის გაკეთებაზე უარი განაცხადა და მოითხოვა საჩივრის გადაცემა. მომჩივნის თანახმად, ბ. იძულებული გახდა დაეტოვებინა ციხის სამსახური სახალხო დამცველის გამოძიების შედეგად. 1998 წლის დეკემბერში მომჩივანმა სახალხო დამცველს წარუდგინა საჩივარი პერსონალის სხვა წევრის, პ.-ს წინააღმდეგაც მისი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებისთვის. მომჩივანი ამტკიცებდა, კერძოდ, რომ პ-მ მომჩივანსადა სხვა პატიმრებს შორის კონფლიქტის განზრახ პროვოკაცია მოახდინა. ეს საჩივარი უარყოფილ იქნა უსაფუძვლობის გამო.
34. 1998 წლის 21 დეკემბერს მომჩივანი შეხვდა ციხის უფროსს, რომელმაც მისცა ნებართვა მოენახულებინა სხვა დანაყოფებში განთავსებული პატიმრები და მიელოცა შობა „Aim“-ის სახელით. მომჩივნის წერილობითი არგუმენტების თანახმად, ნებართვა სიტყვიერი იყო, თუმცა სასამარლოს დელეგატებთან შეხვედრისას მან განაცხადა, რომ წერილობითი ნებართვა განთავსებულ იქნა სპეციალურ საინფორმაციო დაფაზე. ნებართვა ძალაში იყო 1998 წლის 24 დეკემბრიდან 27 დეკემბრამდე. 1998 წლის 24 დეკემბერს მომჩივანმა სცადა პირველი დანაყოფიდან გადასულიყო მე-3 დანაყოფში. დანაყოფებს შორის არსებულ სპეციალურ შემოწმების პუქტთან მომჩივანი გააჩერეს ზედამხედველებმა და უთხრეს, რომ მას არ ჰქონდა მე-3 დანაყოფში შესვლის უფლება.
35. 1998 წლის 29 დეკემბერს, 24 დეკემბერს „საზღვრის დარღვევისთვის“ დისციპლინური სანქციის სახით მომჩივანს უბრძანეს, რომ გაეწმინდა მისი საწოლის გარშემო არსებული ტერიტორია, 21-ე სექტორში. იმის გათვალისწინებით, რომ ციხის შიდა წესები არ მოითხოვდა, რომ გაწმენდა უნდა მომხდარიყო პერსონალის წევრის თანდასწრებით, მან სამუშაო სხვების უხილავად შეასრულა. ოფიცერმა კმიელიაუსკასმა, რომელიც ზედამხედველი იყო, დავალება შესრულებულად არ მიიჩნია.
36. შედეგად, 1999 წლის 5 იანვარს, მომჩივანი დასაჯეს 15 დღის განმავლობაში განმარტოებით საკანში მოთავსებით. მან მაშინვე გამოაცხადა შიმშილობა, რადგან სანქცია თვითნებურად მიიჩნია. 1999 წლის 6 იანვარს მომჩივანმა მიწერა საჩივარი სხვადასხვა სახელისუფლებო ორგანოებს და მედიას. 1999 წლის 8 იანვარს მომჩივნის დამ დაურეკა ციხის უფროსს, რომელმაც სავარაუდოდ მოატყუა მას, რომ მომჩივანი არ შიმშილობდა. 1999 წლის 9 იანვარს ყველაზე დიდმა ლიტვურმა ყოველდღიურმა გაზეთმა Lietuvos Rytas-მა მეორე გვერდზე გამოაქვეყნა სტატია, რომელშიც ნათქვამი იყო, რომ მომჩივანი შიმშილობდა. შიმშილობის მე-6 დღეს, 1999 წლის 11 იანვარს, პროკურორი შევიდა ციხეში და მომჩივანს რჩევა მისცა, რომ ციხის ადმინისტრაციასთან ეცადა შეთანხმების მიღწევა. 1999 წლის 13 იანვარს მომჩივანმა შეწყვიტა შიმშლობა. 1999 წლის 15 იანვარს, ციხის უფროსმა გაზეთ Akistata -ს მისცა ინტერვიუ, რომელიც დაიბეჭდა შემდეგი სათაურით: „უმიზეზოდ პრობლემის შექმნა“ ინტერვიუში ციხის უფროსმა განაცხადა, რომ მომჩივანს ციხის რეჟიმის დამორჩილების ნაცვლად მრავალი საჩივარი შეჰქონდა. მომჩივნის თანახმად, ციხის უფროსმა ამით გამოხატა, მისი მიკერძოებული დამოკიდებულება მომჩივნის მიმართ.
37. 1999 წლის 21 იანვარს, ორი დისციპლინური სანქცია დაეკისრა მომჩივანს უკანონო შიმშილობის გამო. მას ციხის მაღაზიით სარგებლობა და პერსონალური ვიზიტებისას დამატებითი საკვების მიღების უფლება შეუჩერდა. ის ასევე გადაყვანილ იქნა SAB -ში.
38. მომჩივანმა მიიჩნია, რომ ყველა ეს სასჯელი ერთად აღებული, იყო მაჩვენებელი, სავარაუდო არასათანადო მოპყრობის ფაქტების განხილვის შიდა ძალისხმევის არაეფექტურობისა. მისი საჩივრები, მის წინააღმდეგ არსებულ დისციპლინურ სასჯელებთან დაკავშირებით, უარყოფილნი იქნენ ომბუდსმენის მიერ, მხოლოდ ციხის ადმნისტრაციის განცხადებებზე მითითებით, ნამდვილ ფაქტობრივ გარემოებებზე ჯეროვანი ყურადღების მიქცევის გარეშე. მომჩივნის თანახმად, ციხეში იგი დაექვემდებარა, დამამცირებელ მოპყრობას, რადგან მისთვის არ იყო ხელმისაწვდომი დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი უფლებამოსილი ორგანოები, სადაც იგი გაასაჩივრებდა მის პატიმრობის პირობებს.
39. პატიმრების მიმართ ზოგადი მოპყრობის ან კონკრეტულად მომჩივნის მიმართ მოპყრობის, ეფექტურ შემოწმებასთან დაკავშირებით არ არსებობდა ინფორმაცია, რადგან ციხის დროებითი წესები (Pataisos darbų įstaigų laikinosios taisyklės) გამოქვეყნებული არ იყო. წესები ადგენდა ციხის რეჟიმისა და ადმინისტრაციის ქმედებების სამართლებრივ საფუძველს. ასეთი მნიშვნელოვანი დოკუმენტისარასაჯაროობა , ადმინისტრაციას აძლევდა თვითნებურად მოქმედების უფლებას. ეს დოკუმენტი არ მოიპოვებოდა არც ციხის დეპარტამენტში და არც ციხეში. მომჩივნის აზრით ციხის ყველა სექციას უნდა ჰქონოდა ამ წესების ასლი. თუმცა, ციხეში, მხოლოდ ერთი ასლი იყო.
(iii)კონვენციურ ორგანოებთან მიმოწერის კონტროლი
40. მომჩივანმა განაცხადა, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კომისიის მიერ მის სახელზე გამოგზავნილი 1999 წლის 18 ივნისით დათარიღებული წერილი უკვე გახსნილი აჩვენეს. მას ნება დართეს, რომ მხოლოდ გადაეწერა მისი შინაარსი და შემდეგ ისევ დაებრუნებინა ადმინისტრაციისთვის. კონვენციური ორგანოების მიერ გამოგზავნილ შემდგომ წერილებსაც ხსნიდა ადმინისტრაცია და მათი მიღებიდან სამი დღის შემდეგ გადასცემდა მომჩივანს.
41. 1998 წლის 7 დეკემბერს, ციხის უფროსმა სასამართლოს მისწერა წერილი, რომელშიც იგი აცხადებდა, inter alia:
„1998 წლის 2 დეკემბერს, ციხის ადმინისტრაციამ მიიღო წერილი (მომჩივნისაგან), რომელიც ეგზავნებოდა სასამართლოს. მე თავად გავეცანი წერილის შინაარსს... მსურს რამდენიმე საკითხზე გავამახვილო ყურადღება, იმ ფაქტებთან დაკავშირებით, რომლებიც გაცხადებულია ამ წერილში...
მართალია, რომ შინაგან საქმეთა მინისტრის , 1998 წლის 14 აგვისტოს ბრძანებით... მსჯავრდებულთათვის აკრძალულია ლოგინში წოლა, გარდა, განრიგში მითითებული, ძილისათვის განკუთვნილი პერიოდისა და ასევე თუ კი არ არის სპეციალური ნებართვა ციხის ადმინისტრაციისაგან..., [მაგრამ] სიმართლეს არ შეესაბამება, რომ არცერთ მსჯავრდებულს არ ეძლევა უფლება დღის განმავლობაში დაწვნენ ლოგინში, როგორც ამას ვალასინასი აცხადებს წერილში... რადგან ასაკოვან და ფიზიკური ნაკლის მქონე ადამიანებს აქვთ ამის შესაძლებლობა...
[მომჩივანი] აცხადებს, რომ ზოგიერთ დანაყოფში განთავსებული იყო 400-ზე მეტი პატიმარი ციხის წესების მე-2 მუხლის მე-11 პარაგრაფის დარღვევით, რომლის თანახმადაც თითოეულ დანაყოფში, 300 პატიმარზე მეტი არ უნდა იყოს განთავსებული. [თუმცა,] ამ მუხლის პრაქტიკულად განხორციელების შესაძლებლობა არ არის, იმის გათვალისწინებით, რომ მსჯავრდებულთა, რიცხვი სწრაფად იზრდება (ლიმიტი არის 1,830 [პატიმარი], [მაგრამ] 1998 წლის 3 დეკემბერს განთავსებული იყო 2, 109).
რაც შეეხება მსჯავრდებულთა განათლებას..., 1999 წლის პირველი იანვარიდან კაუნას ოლქი მზადაა შექმნას საგანმანათლებლო პუნქტი სრულწლოვანი პატიმრებისთვის...
1998 წლის 20 აგვისტოს [მომჩივანმა] ჩამოაყალიბა ურთიერთდახმარებისა და მხარდაჭერის ასოციაცია „Aim“ი ... ჩვენ ვფიქრობთ, რომ ასეთი ასოციაციის შექმნა მისასალმებელია... მაგრამ, რეალურად, ამ ასოციაციის შექმნის მომენტიდან ეს ასოციაცია და მისი თავჯდომარე ვალასინასი მხოლოდ კრიმინალური სამყაროს „ავტორიტეტების ინტერესებს იცავენ... „
42. 1998 წლის 16 დეკემბერს სასამართლოსათვის გაგზავნილ წერილში, მომჩივნის და აცხადებდა, რომ მომჩივანმა მას, 1998 წლის 15 დეკემბერს სატელეფონო საუბარში უთხრა, მას, რომ სასამართლოსთან მიმოწერა აკრძალული ჰქონდა და სასამართლოსთვის განკუთვნილი, მისი 1998 წლის 30 ნოემბრითა და 3 დეკემბრით დათარიღებული წერილები ციხის ადმინისტრაციამ არ გააგზავნა.
43. 1998 წლის 18 დეკემბერს ადმინისტრაციამ სამდივნოს გაუგზავნა 1998 წლის 30 ნოემბრით, 3 დეკემბრით, და 15 დეკემბრით დათარიღებული წერილები. ეს წერილები ასევე მოიცავდა ადმინისტრაციის 1998 წლის 15 დეკემბრის სხდომის ოქმის ასლს, სადაც მომჩივნის სასამართლოსთან მიმოწერის საკითხი იქნა განხილული. ციხის უფროსის მოვალეობის შემსრულებელმა ოქმის ასლის თანახმად, განაცხადა რომ:
“მან განუმარტა [მომჩივანს], რომ მას პირველ რიგში უნდა მიემართა ლიტვის რესპუბლიკის გარკვეული სახელისუფლებო ორგანოებისთვის, რომლებიცაა: ციხის დეპარტამენტი, შინაგან საქმეთა სამინისტრო, იუსტიციის სამინისტრო, სახალხო დამცველი, მთავარი პროკურატურისათვის და სხვა ინტიტუტებისათვის. [მომჩივნისთვის] ნაცნობია ეს პროცედურა... თუმცა იგი კატეგორიულად მოითხოვდა, რომ მისი წერილი გაგზავნილიყო სასამართლოში... მომჩივანმა მკითხა მქონდა თუ არა უფლება, რომ მისი წერილის შინაარს გავცნობოდი... მე ავუხსენი მას, რომ მქონდა ამგვარი უფლება ციხის შიდა წესების მე-7 § 1 (7) მუხლით, რომლის თანახმადაც „მსჯავრდებულის წერილები (გარდა პროკურორისადმი მიწერილი) გაგზვნილი თუ მიღებული წერილებისა ექვემდებარება სახელმწიფო ზედამხედველობას. “მომჩივნის კატეგორიული მოთხოვნის გათვალისწინებით, მისი საჩივარი უნდა გაგზავნილიყო ადრესატთან."
44. 1999 წლის 1 მარტს სამდივნომ მიიღო კიდევ ერთი წერილი მომჩივნისგან, რომელიც გამოგზავნილი იყო 1999 წლის 15 თებერვალს. მომჩივნის თქმით, ეს წერილი არ იყო გამოგზავნილი ციხის ადმინისტრაციის მეშვეობით. მან ასევე წერილს დაურთო 1999 წლის 14 იანვრის სამდივნოს წერილის დედანი, როგორც მტკიცებულება იმისა, რომ სასამართლოსთან მიმოწერა მოწმდებოდა - 1999 წლის 14 იანვრის სამდივნოს წერილზე იყო დასმული ციხის ბეჭედი ჩაბარების თარიღთან ერთად, 1999 წლის 1-ლი თებერვალი, იმავე დღის, ციხის უფროსის ხელით მინაწერი ბრძანება მომჩივნის მიერ წერილის გაცნობის შესახებ, ასევე მომჩივნის წერილობითი დასტური, რომ 1999 წლის 3 თებერვალს მას ჰონდა ასეთი შესაძლებლობა.
45. სასამართლოს წარმომადგენლებთან შეხვედრისას, მომჩივანმა ასევე განაცხადა, რომ 1998 წლის დეკემბერში მან ასევე გადასცა ციხის ადმინისტრაციას სასამართლოსთვის გასაგზავნი, კიდევ ერთი წერილი, რომელიც თარიღდება 1999 წლის 16 დეკემბრით. ასეთ წერილს არ მოუღწევია სასამართლომდე.
2. ალეკას მოროზოვასი
46. იქ მომჩივნის დაპატიმრების მოწმე იყო ციხის უფროსი.
(a) პატიმრობის ზოგადი პირობები
(i) SAB
47. მოწმემ აღიარა, რომ 1999 წლამდე „იატაკის ტუალეტებს“ შორის არ იყო გამყოფები. იმ წელს აღდგენითი სამუშაოები ჩატარდა, რომლის დროსაც თითოეული საპირფარეშოს „იატაკის ტუალეტი“ გამოიყო ცემენტის გამყოფებით და გადაიხურა კერამიკით.
(ii) ჩვეულებრივი რეჟიმი (დანაყოფი 1)
48. პირველ დანაყოფში, ჩვეულებრივ პირობებში მომჩივნის პატიმრობისას, მე-13 სექციის საძინებელ ოთახში თითოეულ პატიმარზე გამოყოფილი იყო 2,7 კვადრატული მეტრის სივრცე და 3,2 კვადრატული მეტრი 21-ე სექციიის საძინებელ ოთახში. პატიმრობის კოდექსი (Pataisos darbų kodeksas) მოითხოვდა მინიმუმ 2 კვადრატული მეტრის სივრცეს საძინებელ ოთახში, მაშინ როდესაც ჯანმრთელობის მინისტრის 1999 წლის სპეციალური სანიტარული ნორმის თანახმად სულ მცირე 3 კვადრატული მეტრი უნდა ყოფილიყო. მოწმე მიიჩნევს, რომ სულ მცირე შიდა მოთხოვნების გათვალისწინებით, რომლებიც 1999 წლამდე იყო ძალაში, ციხე ძალიან გადატვირთული არ ყოფილა მომჩივნის პატიმრობისას. მდგომარეობა გამოსწორდა 2000 წლის ამნისტიის აქტის შემდეგ, მაშინ, როდესაც 1999 წელს ციხის მთლიან მაცხოვრებელთა რაოდენობას წარმოადგენდა 2,303 პატიმარი, 2000 წელს მხოლოდ 1,782 პატიმარი იყო განთავსებული, ეს იყო ყველაზე მცირე რაოდენობა 5 წლის განმავლობაში.
49. პატიმრები იყვნენ უზრუნველყოფილნი საწოლის თეთრეულით, რომელსაც უფასოდ რეცხავდნენ და აშრობდნენ ყოველ ორ კვირაში ერთხელ ციხის სამრეცხაოში. კვირაში ერთხელ პატიმრებს შესაძლებლობა ჰქონდათ შხაპი მიეღოთ. ასევე შესაძლებელი იყო ხელსაბანების გამოყენება პირადი ნივთების გასარეცხად. თითოეულ პატიმარს უფასოდ ეძლეოდა 200 გრამი საპონი ყოველ თვე და შეეძლო დამატებითაც ეყიდა მაღაზიაში.
50. პატიმრებს შეეძლოთ ციხის მაღაზიაში თვეში სამჯერ შეეძინათ სხვადასხვა სახის პროდუქტი, მათ შორის საკვები და პირადი ჰიგიენის ნივთები. მაღაზიაში ფასები არ არის გადაჭარბებული და რეგულარულად მოწმდება ადმინისტრაციის მიერ რეგიონში არსებული ფასების მიხედვით. მიუხედავად იმისა, რომ მაღაზიაში ნაღდი ფული არ გამოიყენებოდა, ყველა პატიმარს ჰქონდა ანგარიში, რომელზეც თანხები მათი ოჯახის წევრებისგან, მათ მიერ ციხეში მიღებული ხელფასით, ან ობოლთა შემთხვევაში ფინანსური დახმარებიდან , ირიცხებოდა. ამ ანგარიშებს თანხა ეჭრებოდათ მაღაზიაში რაიმეს შეძენის დროს..
51. მოწმემ დაადასტურა, რომ სასადილო, რომელსაც ჩვეულებრივ შეუძლია ერთდროულად დაიტიოს დაახლოებით 500 პატიმარი, ხანდახან გადატვირთული იყო. თუმცა მან უარყო, ის ფაქტი, რომ გადატვირთულობის გამო თუნდაც ერთ პატიმარს გამოეტოვებინა სადილი. ხუთი ცვლა ეწყობოდა სასადილოში, რომ ყველა პატიმარს ჰქონოდა შესაძლებლობა დღეში სამჯერ კვებისა. მოწმეს არასოდეს მიუღია რაიმე საჩივარი, რომელიმე პატიმრისაგან, რომ მათ არ მიეცათ კვების შესაძლებლობა სასადილოს გადატვირთულობის გამო. მოწმეს არასოდეს გაუგონია რაიმე პრეტენზია საკვების ხარისხთან დაკავშირებით. მან თქვა, რომ ციხის სამედიცინო სერვისი ამოწმებდა საკვების ხარისხს ყოველდღე და სანიტარული ნორმები სასადილოში აკმაყოფილებდა კრიტერიუმებს.
52. მოწმეს არ მიუღია, რაიმე საჩივარი ციხეში სამედიცინო დახმარების არ ქონაზე. მოწმემ ასევე თქვა, რომ ციხის ექიმმა და ჯანმრთელობის სფეროს ხელმძღვანელებმა, დაადასტურეს, რომ მუხლის ოპერაცია აუცილებელი არ იყო, მომჩივნის პატიმრობის პერიოდში. მოწმეს არასოდეს მიუღია საჩივარი მომჩივნისაგან, იმის თაობაზე, რომ მისთვის სანიტარულ ნორმებთან შეუსაბამო საკვების მიწოდება ხდებოდა. არც იმასთან დაკავშირებით წარმოუდგენია საჩივარი, რომ მას სპეციალური კვება არ ჰქონდა ან, რომ მას სჭირდებოდა დამატებითი საკვების უფასოდ მიწოდება.
53. წინათ, საპირფარეშოში „იატაკის ტუალეტებს“ შორის არ იყო გამყოფი კედლები; მათი დამონტაჟება მოხდა 1999 წლის სარემონტო სამუშაოების ჩატარებისას. მიმდინარე პერიოდში კი ყველა ტუალეტი აღჭურვილი იყო გამყოფებით. მოწმემ განაცხადა, რომ მთავრობის 1995 წლის სპეციალური დადგენილების თანახმად, ყველა პატიმარს უნდა გადაცემოდა ტუალეტის ქაღალდი. თუმცა, ციხის ადმინისტრაცია საბიუჯეტო სირთულეებს აწყდებოდა ამ დადგენილების შესრულებისას. ტუალეტის ქაღალდის მიწოდება არ მომხდარა, ბოლო თვეში. ციხეს არ ჰქონდა სახსრები საფოსტო მომსახურებისთვისაც კი. მოწმე მიიჩნევს, რომ უფასო ტუალეტის ქაღალდის ნაკლებობა არ არის არსებითი პრობლემა ციხეში, რადგან მას არ სმენია პრეტენზია, ამასთან დაკავშირებით არცერთი პატიმრისგან. მოწმის თანახმად, უნდა აღინიშნოს, რომ ტუალეტის ქაღალდი, ყოველთვის ხელმისაწვდომი იყო ციხის მაღაზიაში, დაახლოებით, 0.50-დან 0.60-მდე ლიტვური ლიტი თითოეული რულონის სანაცვლოდ. გარდა ამისა, ტუალეტის ქაღალდების მიწოდება შესაძლებელი იყო ახლობლების მიერ. ყველაზე ცუდ შემთხვევაში, კი სხვა ქაღალდების გამოყენებაც შეიძლებოდა, როგორიცაა გაზეთები, რომლებიც პატიმრებს მიეწოდებოდათ უფასოდ. მოწმემ პარელელი გაავლო ტუალეტის ქაღალდსა და სხვა ჰიგიენის საშუალებებს შორის, როგორიცაა კბილისპასტა და კბილის ჯაგრისი. მიუხედავად იმისა, რომ ასეთი საგნების უფასოდ მიწოდება არ ხდებოდა, პატიმრებს შეეძლოთ მათი ახლობლებისგან მიღება ან ციხის მაღაზიაში შეძენა.
54. ციხეს ჰქონდა ხის გადამამუშავებელი ქარხანა, მაგრამ მხოლოდ პატიმართა მცირე ნაწილი მუშაობდა, კომერციული შეკვეთების სიმცირის გამო. თუმცა, მთავრობის მიმდინარე ხელშეკრულება, პროდუქციის გაზრდის და უფრო მეტი პატიმრის დასაქმების შესაძლებლობას იძლეოდა. მთლიანობაში, ასევე, 115 პატიმარი მუშაობდა ციხის მომსახურების დეპარტამენტში, მათ შორის სამრეცხაოსა და სასადილოში. მომჩივანი არ მუშაობდა მისი პატიმრობაში ყოფნის დროს.
(b) ადმინისტრაციის სპეციფიკური ქმედებები
(i) 1998 წლის 7 მაისის პირადი ჩხრეკა
55. პირადი შეხვედრის შემდეგ, პატიმარი და ნებისმიერი საგანი, რაც მან მიიღო მისი მნახველისაგან უნდა შემოწმებულიყო ციხის დროებითი შიდა წესების თანახმად. ასეთი შემოწმების ნაწილი შეიძლებოდა ყოფილიყო, პატიმრის მთლიანად გაშიშვლება. ციხის შიდა წესები ადგენდა, რომ მხოლოდ იგივე სქესის წარმომადგენელს შეეძლო ჩაეტარებინა სრული ჩხრეკა.
56. მოწმემ თქვა, რომ იგი არ ესწრებოდა ამ გაცხადებულ შემთხვევას. მან ამის შესახებ ინფორმაცია მომჩივნისაგან მიიღო. მოწმემ დაადასტურა, რომ მდედრობითი სქესის ოფიცერი ჯ. მუშაობდა ციხეში და ზედამხედველობდა პირად შეხვედრებს. მის ფუნქციებში შედიოდა პატიმრების მიცილებაც და შემდეგ გამოცილება შეხვედრის ადგილიდან და პატიმრის გადაეცემა მამაკაცი ოფიცრისთვის ჩხრეკის ჩასატარებლად. სასამართლომ ვერ შეძლო ქალბატონ ჯ.-სთან გასაუბრება რადგან წარმომადგენლების ვიზიტის დღეს იგი ციხეში არ იმყოფებოდა.
57. სამ მამრობითი სქესის ოფიცერს, რომლებმაც ჩაატარეს სრული ჩხრეკა, 1998 წლის მაისში მომჩივნის საჩივრისთანავე გაესაუბრა მოწმე. მათ უარყვეს, რომ ქალი ესწრებოდა ჩხრეკას. მომჩივნის საჩივართან ან ამ ინციდენტის რაიმე გამოძიებასთან დაკავშირებული, არანაირი ჩანაწერი არ გაკეთებულა.
58. მოწმემ თქვა, რომ მან არ იცის ქალბატონმა ჯ.-მ მიიღო თუ არა მონაწილეობა ამ ჩხრეკაში. თუ პატიმარი გააშიშვლეს ქალბატონის თანდასწრებით, ეს ციხის დროებითი წესების დარღვევა იქნებოდა. თუმცა ქალბატონი ჯ.-ს ფუნქციების გათვალისწინებით, მოწმემ აღიარა, რომ თეორიულადაც და პრაქტიკულადაც ის უშვებდა მის ჩხრეკაზე დასწრების შესაძლებლობას.
(ii) მომჩივნის სავარაუდო ვიქტიმიზაცია და განხილვის არ არსებობა
59. მოწმემ აღწერა ციხის დროებითი წესებით დისციპლინარული დანაშაულისათვის დადგენილი პროცედურა. ამ სისტემის თანახმად პრავიენისკეს ციხის დისციპლინური კომისია, შედგებოდა: ციხის უფროსის, მისი მოადგილეებისა და სექციათა ხელმძღვანელებისაგან. კომისია პასუხისმგებელი იყო განეხილა ციხის დისციპლინის ყველა სავარაუდო დარღვევა. როდესაც, კონკრეტული ინციდენტი ხდებოდა ან კონკრეტული ინფორმაცია მიაღწევდა ადმინისტრაციამდე, უფროსი პერსონალის წევრი, როგორიცაა სექციის ხელმძღვანელი, წერდა მოხსენებას ამ ფაქტებთან დაკავშირებით და აცხადებდა მის მოსაზრებას იმასთან დაკავშირებით, რომ აღნიშნული ფაქტები ამხელდა თუ არა პატიმარს ციხის წესების დებულებების დარღვევაში. მოხსენებას ჩვეულებრივ აჩვენებდნენ პატიმარს, რომელსაც უფლება ჰქონდა წარედგინა შენიშვნები. იმ შემთხვევაში, თუ არ მოხდებოდა მისთვის მოხსენების წარდგენა, მაგალითად, თუკი მოხსენებაში, ანონიმური მოწმის განცხადება იყო აღნიშნულ ინციდენტთან დაკავშირებით, მას ამ მოხსენების შინაარსი ეცნობებოდა. თუმცა, ასეთ გამონაკლისების შემთხვევაშიც კი პატიმარს უფლება ჰქონდა, სცოდნოდა ასეთი ბრალდებების შესახებ მოწმის სახელის გაგების გარეშე.
მოხსენება და პატიმრის შენიშვნები გადაეგზავნებოდა დისციპლინურ კომისიას, რომელიც წყვეტდა დისციპლინური სასჯელის დაკისრების საკითხს. ეს იყო აბსოლუტური მოთხოვნა, რომ პატიმარი უნდა წარდგენილიყო კომისიის წინაშე, მათ მიერ გადაწყვეტილების მიღებამდე. ჩვეულებრივ პატიმარი მოწმეების პერსონალურად მოსმენა არ ხდებოდა ზეპირი განხილვისას, მათი ჩვენებები წერილობითი ფორმით თან ერთვოდა მოხსენებას. თუმცა, ნებისმიერი ოფიცრისთვის, რომელიც ჩართული იყო ინციდენტში, პირადად უნდა მოესმინა კომისიას.
60. კომისიის გადაწყვეტილება გასაჩივრებას ექვემდებარებოდა. როდესაც ინციდენტის შესახემ მოხსენება შედგნილი იყო ისეთი პერსონალის წევრის მიერ, რომელსაც ციხის უფროსის მოადგილეზე მაღალი რანგი არ ჰქონდა, ციხის უფროსს შეეძლო სასჯელი გაეუქმებინა. როდესაც მოხსენება შედგენილი იყო თავად ციხის უფროსის მიერ, პატიმარს შეეძლო გაესაჩივრებინა ციხის დეპარტამენტის ხელმძღვანელთან. აქედან გასაჩივრება ხდებოდა, შინაგან საქმეთა მინისტრთან ან ომბუდსმენთან. თუმცა, ომბუდსმენს არ შეეძლო სასჯელის გაუქმება, მას შეეძლო რეკომენდაცია გაეწია ციხის უფლებამოსილი პირებისათვის, რომ ასე მოქცეულიყვნენ. უმეტეს შემთხვევებში რეკომენდაცია სრულდებოდა. ზოგადად, პატიმრებს არ ეკრძალებოდათ ეჩივლათ ნებისმიერ უფლებამოსილ პირთან, მათი პატიმრობის ნებისმიერ ასპექტთან დაკავშირებით. თუმცა, შიდა იერარქიული პროცედურა იყო მთავარი სამართლებრივი დახმარების საშუალება პატიმართათვის.
61. პერსონალის წევრების მიმართ საჩივრების განხილვის პროცედურაც მსგავსი იყო დისციპლინური დანაშაულის განხილვის პროცედურისა. მოწმისთვის ცნობილი არ იყო მომჩივნის მიერ, პერსონალის წევრის წინააღმდეგ, რაიმე კონკრეტული საჩივრის არსებობის შესახებ. თუმცა მიუხედავად ამისა მან თქვა, რომ მომჩივნის მიერ ნებისმიერი ასეთი საჩივრის შეტანის შემთხვევაში, იგი კომპეტენტურ ორგანოებს გადაეგზავნებოდათ.
62. ყველა პატიმრისათვის ცნობილი იყო ციხის დროებითი წესები, რომელიც ადგენდა ამ პროცედურას და ასევე ადგენდა სხვა დებულებებს, რომლებიც მიეკუთვნებოდა ლიტვის ყველა ციხეში არსებულ რეჟიმს. ციხის წესებისა და პატიმრობის კოდექსის ასლი ციხის ბიბლიოთეკაში იყო. ყველა პატიმარს ჰქონდა შეუზღუდავი წვდომა ამ დოკუმენტებზე. გარდა ამისა, ახალი პატიმრის მოსვლისას, სექციის ხელმძღვანელს უნდა ეცნობებინა ეს წესები, რაც უნდა დადასტურებულიყო პატიმრის ხელმოწერით.
63. მოწმე მომჩივანს პირადად ახლოს არ იცნობდა 1998 წლის აგვისტომდე. ციხეში მოთავსებიდან ამ დრომდე მომჩივანს არ ჰქონდა დისციპლინური ჩანაწერი . მოწმე მონაწილეობას იღებდა "Aim"-ის ასოციაციის დამფუძნებელ კრებაში, 1998 წლის აგვისტოში. იგი მიიჩნევდა, რომ სტატუტით დადგენილი ასოციაციის მიზნები, კერძოდ, ურთიერთდახმარება და მხარდაჭერა პატიმართა უფლებების დაცვისათვის, ასევე მათი პატიმრობის უკეთესი პირობებისათვის, მისასალმებელი იყო. ადმინისტრაციისაგან არ ხდებოდა ასოციაციის საქმიანობაში ჩარევა. თუმცა, მოწმის თანახმად, "Aim"-ის ხელმძღვანელად გახდომის შემდეგ, მომჩივანს დაავიწყდა, რომ თავადაც პატიმარი იყო და რომ მხოლოდ უფლებები კი არა, არამედ ვალდებულებებიც გააჩნდა. ის უგულებელყოფდა პერსონალის კანონიერ ბრძანებებს და ხშირ შემთხვევაში უხეშად არღვევდა ციხის დისციპლინას.
64. მოწმემ დაადასტურა, რომ მომჩივანმა მიიღო ცხრა დისციპლინარული სასჯელი მისი ციხეში ყოფნის განმავლობაში, კერძოდ 24 აგვისტოს, 10, 13, 15, 23 და 28 ოქტომერს, 1998 წლის 29 დეკემბერს და 1999 წლის 5 და 21 იანვარს. რაც შეეხება ამ სასჯელების ბუნებას, რვა მათგანი იყო უმნიშვნელო. 1998 წლის 24 აგვისტოს უკეთესი პატიმრობის პირობებში ყოფნის უფლების ჩამორთმევა, მოიცავდა მომჩივნის სოციალურ-ეკონომიკური სარგებლის უფლების დროებით ჩამორთმევას, როგორიცაა დამატებითი პირადი მონახულება, ციხის მაღაზიაში რაიმეს შეძენა ან ახლობლებისგან ამანათის მიღება. 1998 წლის 13, 23 და 28 ოქტომბრის დისციპლინური გაფრთხილებები, არსებით ჩანაწერებს წარმოადგენს მომჩივნის ციხის დოსიეში. რუტინული სამუშაოები (budėjimas be eilės), რომლებიც დაევალა 1998 წლის 15 და 29 დეკემბერს, იყო უმნიშვნელო დასუფთავების საქმე. ეს სასჯელები იყო უმნიშვნელო, რადგანაც მომჩივნის მიერ დისციპლინის დარღვევა არ იყო სერიოზული.
მოწმის აზრით, მხოლოდ 1999 წლის 5 იანვრის სასჯელი, კერძოდ მომჩივნის განმარტოებით საკანში პატიმრობა, უნდა ყოფილიყო სერიოზულად მიჩნეული. ეს სასჯელი დაეკისრა ციხის ოფიცრის ლეგიტიმური ბრძანების არ შესრულების გამო, კერძოდ 1998 წლის 29 დეკემბერს მომჩივანმა არ გაწმინდა მისი საწოლის მიმდებარე ტერიტორია. მოწმის აზრით, ნებისმიერ შემთხვევაში, არცერთ ამ სასჯელს არ დაუმცირებია მომჩივანი, არამედ წარმოადგენდა ციხის დისციპლინის ჩვეულებრივ აღსრულებას.
65. მოწმე ამტკიცებდა, რომ თითოეულ სასჯელს სათანადო მიზეზი ჰქონდა. თითოეულ შემთხვევაში ციხის ხელმძღვანელობა ყურადღებით აფასებდა მომჩივნის მხრიდან დისციპლინარული დარღვევის სავარაუდო ფაქტებს და სათანადოდ წონიდა მის წინაშე წარდგენილ მტკიცებულებებს. ციხის ხელმძღვანელობის მიერ მიღებული დასკვნების კანონიერება დადასტურებულ იქნა ომბუდსმენის მიერ. მოწმემ მაგალითისთვის მოიყვანა 1998 წლის 16 ოქტომბრის შემთხვევა, როდესაც აშკარა არ იყო მომჩივანმა პირადად შეასრულა თუ არა 1998 წლის 15 ოქტომბერს დაკისრებული რუტინული სამუშაო. მიუხედავად იმისა, რომ ოფიცერი კმიელიაუსკასი ირწმუნებოდა, რომ მომჩივანმა თავად არ შეასრულა დავალება, მოწმემ გადაწყვიტა, რომ ეჭვი მომჩივნის სასარგებლოდ უნდა ყოფილიყო და შესაბამისად არ იყო დისციპლინური დარღვევა. თუმცა, სხვა შემთხვევაში, 1998 წლის 29 დეკემბერს დაკისრებულ რუტინულ სამუშაოსთან დაკავშირებით, უამრავი მტკიცებულება მიუთითებდა იმაზე, რომ მომჩივანმა მართლაც დაარღვია დისციპლინა, სხვა პატიმრისთვის ბრძანებით, რომ მის ნაცვლად შეესრულებინა სამუშაო. შედეგად მომჩივანი დასაჯეს განმარტოებით საკანში მოთავსებით.
66. მოწმემ აღნიშნა, რომ 1999 წლის 19 იანვარს Akistata-ში - სპეციალური გაზეთი დანაშაულის, სამართლისა და წესრიგის საკითხებზე - გამოქვეყნებულ ინტერვიუში მან თქვა, რომ მომჩივანი საჩივრების შეტანის გარდა, არაფერს აკეთებდა. მოწმეს არ უფიქრია, რომ ამ განცხადებით რაიმე შეურაცხყოფას მიაყენებდა მომჩივანს. მან თქვა, რომ ის არ იყო ცუდი აზრის მომჩივნის მიმართ, პატიმრებს შორის მისი აქტიურობის, „Aim“-ის თავმჯდომარეობის, კონვენციური ორგანოებში მისი საჩივრების ან სხვა რაიმე მიზეზის გამო. ერთადერთი მიზეზი ამ ზომებისა მომჩივნის უფლებების შესაზღუდად, იყო ციხის დისციპლინის არ შესრულება, რომელიც ყველას მიმართ თანაბრად ვრცელდებოდა.
67. მოწმემ თქვა, რომ ციხეში მომჩივნის გონივრული ხასიათის ქმედებებმა ასახვა ჰპოვა იმ ფაქტით, რომ მან 1999 წელს წაშალა მომჩივნის დისციპლინური ჩანაწერები. ამის შემდგომ მათ გამონახეს საერთო ენა და თანამშრომლობდნენ ციხეში კულტურული ღონისძიებების დაგეგმვაში. უფრო მეტიც, მომჩივნის გაუმჯობესებული ქცევის გათვალისწინებით, მოწმე მომჩივნის სახელით ჩაერთო პრეზიდენტის მიერ შეწყალების მინიჭების პროცედურაში, რომელიც საბოლოოდ მიენიჭა მას. მათი თანამშრომლობა მომჩივნის განთავისუფლების შემდეგაც გაგრძელდა, კერძოდ ციხეში კულტურული ღონისძიებების ორგანიზებასთან დაკავშირებით.
(iii) კონვენციურ ორგანოებთან მიმოწერის კონტროლი
68. მოწმემ აღიარა, რომ 1999 წლის ივნისამდე ციხის ადმინისტრაცია ამოწმებდა მომჩივნის კონვენციურ ორგანოებთან გაგზავნილ წერილებს, პატიმრობის კოდექსისა და ციხის დროებითი წესების შესაბამისად. მოწმემ განაცხადა, რომ მას არასოდეს შეუშლია ხელი მომჩივნისთვის რომ ეჩივლა სასამართლოში. მისი მხრიდან შენიშვნები დაცვის შიდა სამართლებრივი საშუალებების ამოწურვის შესახებ, კეთდებოდა იმისთვის, რომ მომჩივნისთვის აეხსნა შესაბამისი პროცედურული მოთხოვნების, და არა იმისთვის, რომ ხელი შეეშალა მომჩივნისთვის რომ შეეტანა მისი კონვენციურისაჩივარი. სასამართლოსთვის გასაგზავნი მომჩივნის მიერ გადაცემული ყველა წერილი გაგზავნილი იქნა ადმინისტრაციის მიერ და მომჩივანმა მიიღო კონვენციური ორგანოების ყველა წერილი.
3. რობერტას კმიელიაუსკასი
69. მოწმე იყო პერსონალის წევრი და სექციის მეთაური.
70. მოწმემ განაცხადა, რომ მომჩივანი მიეკუთვნებოდა ე.წ. ელიტარულ პატიმრებს და სხვა პატიმრებს ჩვეულებრივ უნდა შეესრულებინათ მისთვის სამუშაო. ამის გამო ფიქრობდა იგი, რომ მომჩივანმა 1998 წლის 29 დეკემბერს დაკისრებული სამუშაო პირადად არ შეასრულა. ოფიცერი არ მიიჩნევდა, რომ მისი საწოლის გარშემო არსებული ადგილის გაწმენდის ვალდებულების შესრულება, მოწმის მეთვალყურეობით, მომჩივნისთვის დამამცირებელი იყო. როდესაც მომჩივანმა წინასწარ სთხოვა მოწმეს სამუშაოს ზედამხედველობის გარეშე შესრულების ნებართავა, მომჩივანმა არ ახსნა, რატომ არ უნდოდა ზედამხედველობის ქვეშ ყოფნა ან, რომ იგი ბრძანებას დამამცირებლად მიიჩნევდა. მომჩივნის თხოვნა აშკარად იმის მცდელობა იყო, რომ მის ნაცვლად სხვებს შეესრულებინა სამუშაო. შესაბამისად, მოწმემ არ მისცა მას ნებართვა. მომჩივნის შემდგომი უარი სამუშაოს მოწმის თანდასწრებით შესრულბაზე, წარმოადგენდა მოვალეობის დარღვევას.
C. ციხის შემოწმება
71. 2000 წლის 26 მაისს წარმომადგენლებმა მოინახულეს ციხე, რომელშიც 1999 წელს მოთავსებული იყო 2, 303 პატიმარი, რომელთა მნიშვნელოვნად შემცირების შემდეგ, 2000 წელს დარჩა 1, 782 პატიმარი.
1. SAB (ციხის განცალკევებით იზოლაციის ნაწილი)
72. დელეგატებმა მოინახულეს SAB, სადაც 20 ადამიანი იმყოფებოდა პატიმრობაში მაშინ როცა, 22 ადამიანი იყო მოთავსებული, როდესაც მომჩივანი იხდიდა სასჯელს. საწოლს ჰქონდა მეტალის ჩარჩო და ზამბარები და დაახლოებით 30 სმ სიმაღლის ოთხ ფეხზე იდგა. საწოლები გვერდიგვერდ იდგა 92, 2 კვადრატული მეტრის ფართობის საძინებელ ოთახში, აქ იყო ტელევიზორი, ვიდეო-ფლეერი, რადიოები, პირადი ნივთები და სათანადო საწოლის ნივთები. თითოეულ პატიმარზე გადანაწილებული იყო დაახლოებით 5 კვადრატული მეტრი სივრცის ფართი, საწოლ ოთახში. არ შეიმჩნეოდა სივრცის, სინათლის თუ ჰაერის უკმარისობა.
73. წარმომადგენლებმა მოინახულეს განცალკევებული სანიტარული ზონა დერეფანში, რომელიც მოთავსებული იყო საძინებელ და მოსასვენებელ ოთახებს შორის. სანიტარული ზონა შედგებოდა ტუალეტისა და საშხაპესგან. პატიმრებს შესაძლებლობა ჰქონდათ ესარგებლათ საშხაპეთი ნებისმიერ დროს. გაღვიძებიდან (დილით 6:30 საათი) დაძინებამდე (საღამოს10:30, საკნის კარების ჩაკეტვამდე). მომჩივნის დაპატიმრებიდან, ეს ტერიტორია მოპირკეთებული იყო კაფელით და აზიური ტიპის ტუალეტებს შორის გამყოფი ბარიერები იყო ჩაყენებული. ბარიერები იყო წელის სიმაღლეზე, ანუ ნახევარი კედელი და წინ კარები არ ჰქონდა. მომჩივნის პატიმრობის დროს აქ მხოლოდ „იატაკის ტუალეტი“ იყო. არსად ჩანდა ტუალეტის ქაღალდიც. სანიტარული ზონა იყო ცოტაოდენ ტალახიანი, მაგრამ ცუდი სუნი არ იდგა. წარმომადგენლებმა გაიგეს, რომ სანიტარული ზონის დასასუფთავებლად სხვა ადამიანები ჰყავდათ აყვანილი, ხოლო პატიმრებს, მხოლოდ დისციპლინარული სასჯელის სახით ევალებოდათ ამ ზონის გაწმენდა.
74. საკვები მოჰქონდათ, დღეში სამჯერ, მთავარი ციხიდან პატარა სამზარეულოში. აქ იყო შიდა ეზო დაახლოებით საწოლი ოთახის ფართის, ბალახით, ნარგავებით, გარე მაგიდებითა და გრძელი სკამებით და რამდენიმე სიმძიმის ასაწევი მოწყობილობით. პატიმრებს არ ეზღუდებოდათ შიდა ეზოში ყოფნა დილის 6:30-დან საღამოს 10:30 -მდე, პატიმრები არ ატარებდნენ უნიფორმას. უმეტესობა მათგანს ეცვათ, თხელი სპორტული მოსაცმელი და მაისური. პატიმრებს შესაძლებლობა ჰქონდათ გაერეცხათ მათი პირადი თეთრეული სანიტარულ ზონაში და წარმომადგენლებმა დაინახეს, რომ თეთრეული შრებოდა სარეცხის თოკებზე შიდა ეზოში. პატიმრებს შეეძლოთ გამოსულიყვნენ და ევლოთ მთელს SAB-ის ტერიტორიაზე, სადაც ასევე იყო განცალკევებული მოსასვენებელი და საბილიარდო ოთახები. მხოლოდ მოსასვენებელ ოთახს არ ჰქონდა ფანჯარა, მაგრამ ჰაერის უკმარისობა არ იყო. მოსასვენებელ ოთახში იყო რბილი სავარძლები, ჭადრაკის დაფა და აუდიო-სისტემა. წარმომადგენლებმა ნახეს დიდი გასათბობი რადიატორები, მთელს საცხოვრებელ ტერიტორიაზე.
75. ადამიანებს შეუძლიათ გამოიძახონ ციხის სამედიცინო სამსახური პირდაპირ SAB-დან სპეციალური სატელეფონო ხაზით. ექიმი მიდიოდა SAB-ში თითქმის ყოველდღიურად და ავადმყოფი ადამიანები გადაჰყავდათ ციხის საავადმყოფოში.
76. მომჩივანმა დაადასტურა, რომ SAB-ში მისი პატიმრობის პირობები არსებითად იგივე იყო, გარდა იმისა, რომ მისი პატიმრობის შემდგომ საცხოვრებლის ტერიტორია თავიდან შეიღება და ავეჯით უკეთესად მოეწყო, ტუალეტებში გამყოფი კედლები დააყენეს და სამზარეულოში ფანჯარა გააკეთეს.
2. ჩვეულებრივი რეჟიმი (დანაყოფი 1)
77. წარმომადგენლებმა გადაინაცვლეს ჩვეულებრივი რეჟიმის ზონაში, პირველ დანაყოფში, კერძოდ 775.2 კვადრატული მეტრის ფართის საცხოვრებელ ტერიტორიაზე, რომელსაც გვერდით აქვს დიდი სასეირნო ეზო. ამ დანაყოფში 12 სექცია იყო. სექციები შედგებოდა საძინებელი ოთახისა და მომიჯნავე საპირფარეშოებისაგან. ვიზიტისას 372 პატიმარი იყო მოთავსებული პირველ დანაყოფში, ხოლო400 პატიმარი იყო მოთავსებული მომჩივნის პატიმრობისას.
78. მე-13 სექციას ჰქონდა საძინებელი ოთახი, 86,5 კვადრატული მეტრი ფართის, რომელიც იტევდა 32 საწოლს. ზოგიერთი იყო ორ სართულიანი საწოლი. საწოლებს ჰქონდა მეტალის ჩარჩო და ზამბარები და იდგა დაახლოებით 30 სანტიმეტრის სიმაღლის ოთხ ფეხზე. საწოლ ოთახში თითოეულ პატიმარს ჰქონდა დაახლოებით, 2,7 კვადრატული მეტრი ფართობი დათმობილი.. ოთახს ფანჯრები ჰქონდა და ჰაერის და სინათლის უკმარისობა არ იყო. დღის განმავლობაში რამდენიმე პატიმარი იმყოფებოდა საწოლ ოთახში, რადგანაც პატიმრებს უფლება ჰქონდათ ემოძრავათ მთელი შენობის ტერიტორიაზე და ეზოში დილის 6:30 საათიდან საღამოს 10:30-მდე. ამ ოთახში იყო ოთხი პატარა სკამი (ტაბურეტი). წარმომადგენლებს უთხრეს ციხის პერსონალის წევრებმა, რომ პატიმრებს უფლება ჰქონდათ დამსხდარიყვნენ ან დაწოლილიყვნენ საწოლებზე დღის განმავლობაში.
79. 21-ე სექციას ჰქონდა, 55,3 კვადრატული მეტრის ფართი, და იტევდა 24 საწოლს, რომლებიც გვერდიგვერდ იყო მოთავსებული. თითოეულ პატიმარს დათმობილი ჰქონდა 3,2 კვადრატული მეტრი საწოლ ოთახში. აქ იყო ორი დიდი ფანჯარა, თუმცა მომჩივანი ჩიოდა ვენტილაციის არქონაზე. ფანჯრები გაღებული იყო წარმომადგენლების ვიზიტისას, თუმცა მომჩივნის თქმით მათ კეტავდნენ ზამთარში და მაშინ, როდესაც ვინმე ავად იყო.
80. ტუალეტები ორივე სექციაში განთავსებული იყო განცალკევებულ ტერიტორიაზე საწოლი ოთახისაგან განცალკევებით. აქ იყო განცალკევებული აზიური ტიპის „იატაკის ტუალეტები“, რომელშიც ცუდი ან ბინძური პირობები არ შეინიშნებოდა. მომჩივნის თქმით მისი პატიმრობის შემდეგ კედლები შეღებეს და ტუალეტებში დაამონტაჟეს გამყოფი კედლები .
81. საერთო საშხაპე ოთახი საშუალებას იძლეოდა ერთდროულად 30 პატიმარს მიეღო შხაპი. ეს არ იყო გარემონტებული ტერიტორია. დანადგარები იყო დაჟანგული და კედლები იყო ტალახიანი, მაგრამ ცხელი წყალი ხელმისაწვდომი იყო და საშხაპე ზოგადად სათანადოდ ფუნქციონირებდა. საშხაპეს გვერდზე ოთახში იყო ღრმა ავზები სადაც პატიმრებს შეეძლოთ გაერეცხათ მათი ტანსაცმელი. პატიმრებს შხაპის მიღება კვირაში ერთხელ შეეძლოთ.
82. სასადილო შედგებოდა ორი დიდი ოთახისაგან დასაჯდომი მოწყობილობებით, რომელიც გათვლილი იყო 500 კაცზე. საკვებს ამზადებდნენ დიდ ღუმელებში და ქვაბებში სადაც ძალიან დიდი რაოდენობით სუპი (ზოგჯერ ხორცით), ბოსტნეულობა და შვრიის ფაფა მზადდებოდა. თითოეულ ადამიანზე განკუთვნილი საკვების რაოდენობა, ისევე, როგორც ჰიგიენის დონე, კონტროლდებოდა სამედიცინო სამსახურის მიერ. საერთო ტერიტორია სუფთად გამოიყურებოდა თუ კი არ ჩავთვლით იატაკზე არსებულ ცოტაოდენ სინესტეს. საკვები ირეცხებოდა მეტალის თასებში 10 ადამიანის მიერ და მიწოდება ხდებოდა ორი პატარა ფანჯრიდან.
83. საავადმყოფოს ჰქონდა რამდენიმე საკონსულტაციო ოთახი, სტომატოლოგიური სკამი და სხვა აღჭურვილობა ასევე იყო განთავსებული ერთერთ მათგანში. ყველა აღჭურვილობა ძველი ჩანდა მაგრამ ფუნქციონირებდა. 1999 წლის თებერვლიდან აქ დღეში 24 საათიანი მორიგეობით იმყოფებოდა ექიმი. მორიგე ექიმის თქმით, თუ ვინმეს სიცხეს აუწევდა საავადმყოფოდან მიიღებდა დახმარებას.
3. განმარტოებით საკანი
84. წარმომადგენლები შემდეგ ესტუმრნენ, ცალკე შენობაში განთავსებულ, განმარტოებით საკანს, სადაც 1999 წლის 5 იანვრიდან 20 იანვრამდე მოთავსებული იყო მომჩივანი. ეს საკანი შედგებოდა ვიწრო ოთახისაგან, სადაც შესაძლებელი იყო ორი ადამიანის მოთავსება. დღის განმავლობაში საწოლები კედელზეა აკეცილი მატარებლის ვაგონებში არსებული საწოლების მსგავსად. საკანში არის დაბალი სკამები და ჭურჭლის კარადა. მას ასევე აქვს განცალკევებით მდებარე ტუალეტი და პირსაბანი. მომჩივნის თქმით მისი იქ ყოფნის პერიოდში კედლები არ იყო შეღებილი, არ იყო ჭურჭლის კარადა და ასევე დღის განმავლობაში საწოლი გაჰქონდათ საკნიდან.
D. ომბუდსმენის დასკვნები მომჩივნის სავარაუდო ვიქტიმიზაციასთან დაკავშირებული საჩივრების საპასუხოდ
85. 1998 წლის 10 სექტემბერს ომბუდსმენმა დაუსაბუთებლობის საფუძველზე, უარყო მომჩივნის საჩივარი, რომელიც შეეხებოდა 1998 წლის 24 აგვისტოს დისციპლინურ სასჯელს, რომლის საფუძველზეც მან დაკარგა პატიმრობის უკეთეს პირობებში ყოფნის საშუალება. ომბუდსმენმა აღნიშნა, რომ მომჩივანს, მხოლოდ იმ ფაქტზე ქონდა პრეტენზია, რომელიც სასჯელის საფუძველი გახდა, ამტკიცებდა, რომ მას არ უცემია სხვა პატიმარი. ციხის ხელმძღვანელობის წერილობითი მიმოხილვის, ანონიმური მოწმის განცხადებისა და მომჩივნის ახსნა-განმარტების საფუძველზე, ომბუდსმენმა დაადგინა, რომ მომჩივანი მონაწილეობდა ცემის ინციდენტში და, რომ ადმინისტრაციამ სათანადოდ დააკისრა მას სასჯელი.
86. 1999 წლის 19 იანვარს, ციხის ადმინისტრაციის და მომჩივნის წერილობითი მიმოხილვის საფუძველზე, ომბუდსმენმა უარყო მომჩივნის საჩივარი 1998 წლის 10 და13 ოქტომბრის სასჯელებთან დაკავშირებით, დაუსაბუთებლობის გამო. ომბუდსმენმა აღნიშნა, რომ მომჩივანი მხოლოდ ადმინისტრაციის მიერ დადგანილ ფაქტებს აპროტესტებდა და არ წარმოუდგენია რაიმე დამაჯერებელი მტკიცებულება, რომელიც ეჭვის ქვეშ დააყენებდა ადმინისტრაციის იმ დასკვნას, რომ მომჩივანი სხვა პატიმარს ძალის გამოყენებით ემუქრებოდა.
87. 1999 წლის 19 იანვარს, ომბუდსმენმა, ასევე, დაუშვებლად ცნო მომჩივნის საჩივარი, დაუსაბუთებლობის გამო, 1998 წლის 15 ოქტომბრის სასჯელთან დაკავშირებით. ციხის ადმინისტრაციის და მომჩივნის წერილობითი მიმოხილვის საფუძველზე, ომბუდსმენმა დაადგინა, რომ მომჩივანმა მე-3 დანაყოფის ტერიტორიაზე უნებართვო შესვლით დაარღვია საზღვარი დანაყოფებს შორის. ციხის წესების თანახმად, პატიმარმა ციხის უფროსისაგან უნდა მოიპოვოს ნებართვა სხვა დანაყოფებში შესასვლელად. ასეთი გადაწყვეტილება ძალაშია, მხოლოდ მაშინ თუ კი გამოქვეყნებულია სპეციალურ საინფორმაციო დაფაზე. მომჩივანი არ აპროტესტებდა იმ ფაქტს, რომ მას არ ჰქონდა უფლება დაეტოვებინა პირველი დანაყოფი იმ დღეს და რომ მან არ იცოდა შესაბამისი ციხის წესების შესახებ, რომლებიც კრძალავდნენ დანაყოფებს შორის საზღვრის უნებართვო გადაკვეთას. აქედან გამომდინარე, მას მართებულად დაევალა შეესრულებინა სამუშაო იმ დღეს.
88. იმავე დღეს ომბუდსმენმა დაუშვებლად ცნო მომჩივნის საჩივარი, დაუსაბუთებლობის გამო, 1998 წლის 23 და 28 ოქტომბრის დისციპლინურ გაფრთხილებებთან დაკავშირებით. ომბუდსმენმა აღნიშნა, რომ მომჩივანი, მხოლოდ ციხის ადმინისტრაციის მიერ დადგენილ ფაქტებს აპროტესტებდა და არ წარმოუდგენია დამაჯერებელი მტკიცებულებები, რომლებიც ეჭვქვეშ დააყენებდა იმ დასკვნის მართებულებას, რომ მას სძინავდა ყოველდღიური ლოგინიდან ადგომის მოწოდების შემდეგ ან ის, რომ ის იდგა მწკრივში და მისი ქცევა იყო პირადი ცხოვრების პატივისცემის წესების ზღვარს მიღმა. .
89. 1999 წლის 19 იანვარს ომბუდსმენმა ასევე უარყო, მომჩივნისა და სხვა ორი პატიმრის ბ.-ს და პ.-ს, 1998 წლის 29 დეკემბრის საჩივრები, რომელთა საფუძველზე მათ დაეკისრათ სამუშაო. ციხის ადმინისტრაციის წერილობით შენიშვნებზე და პატიმართა კომენტარებზე მითითებით ომბუდსმენმა დაადგინა, რომ მომჩივანი და მასთან ერთად ბ. და პ., რომელთაგან სამივე იყო პირველ დანაყოფში განთავსებული პატიმარი, შეაჩერეს მცველებმა, როდესაც უნებართვოდ გადადიოდნენ მე-3 დანაყოფის ტერიტორიაზე. პატიმრები ირწმუნებოდნენ, რომ მათ ჰქონდათ ზეპირი ნებართვა და ამგვარად სასჯელები იყო თვითნებური. ომბუცმენმა დაადგინა, რომ არანაირი კანონიერი ნებართვა არ ყოფილა გაცემული მათზე და შესაბამისად 1998 წლის 29 დეკემბრის სასჯელები იყო გამართლებული.
90. 1999 წლის 21 იანვარს ომბუდსმენმა უარყო, მომჩივნისა და ბ.-ს საჩივრები, 1999 წლის 5 იანვრის დისციპლინურ სასჯელებთან დაკავშირებით, რომლებიც დაუწესდათ 1998 წლის 29 დეკემბერს დაკისრებული მოვალეობის შეუსრულებლობის გამო, რომელთა საფუძველზეც მოხდა მათი მოთავსება განმარტოებით საკანში. ციხის ადმინისტრაციის და წერილობით შენიშვნებზე და პატიმართა კომენტარებზე, ასევე სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენლების მიერ, 1999 წლის იანვარში, ადგილზე შეგროვებულ მასალებზე მითითებით, ომბუდსმენმა დაადგინა, რომ მომჩივანს და ბ.-ს ოფიცერი კმიელიაუსკას მიერ ნაბრძანები ჰქონდათ, 1998 წლის 29 დეკემბერს დაკირებული მოვალეობის შესრულების ფარგლებში დაესუფთავებინათ მათი საკუთარი საწოლების გარშემო ტერიტორია. ომბუდსმენმა დაადგინა, რომ მომჩივანს და ბ.-ს გავლენა ჰქონდათ პატიმრებზე და მართლაც შეეძლოთ ებრძანებინათ მათთვის, რომ მათ ნაცვლად დაესუფთავებინათ და ამგვარად თავიდან აიცილებდნენ 1998 წლის 29 დეკემბრის სასჯელის პირადად შესრულებას. ომბუდსმენის თანახმად, ოფიცერი კმიელიაუსკას მხრიდან გონივრული იყო იმის სურვილი, რომ თავად გაეწია მეთვალყურეობა დავალების შესრულებაზე. ასეთი ზედამხედველობა, არ შეიძლება ჩაითვალოს მათი ღირსების გაუმართლებელ ხელყოფად. ომბუდსმენმა დაადგინა, რომ პატიმრებმა უარი თქვეს სამუშაოს შესრულებაზე ოფიცერი კმიელიაუსკას და პერსონალის სხვა წევრის თანდასწრებით 1998 წლის 29 დეკემბრის დილით 10:50 წუთისთვის. ცოტა ხნის შემდეგ მათ შეატყობინეს ოფიცერ კმიელიაუსკას, რომ მათ მაინც მაშინ შეასრულეს დავალება, როდესაც მარტო იყვნენ. ომბუდსმენმა დაადგინა, რომ პატიმრების მხრიდან როგორც უარი, რომ შეესრულებინათ მათი მოვალეობა და ასევე მათი შემდგომი განცხადება, რომ მათ შეასრულეს მათი სამუშაო პერსონალის თანდასწრების გარეშე, ამტკიცებს 1998 წლის 29 დეკემბრის სასჯელის შეუსრულებლობას. აქედან გამომდინარე ომბუდსმენმა დაასკვნა, რომ 1999 წლის 5 იანვრის სასჯელები გამართლებული იყო.
91. 1999 წლის 21 იანვარს, სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენლების მიერ ადგილზე ჩატარებული გამოძიების საფუძველზე ომბუდსმენმა, განიხილა მომჩივნის საჩივრები პერსონალის ორი წევრის წინააღმდეგ. მის საჩივრებში მომჩივანი ირწმუნებოდა, რომ პერსონალის ერთმა წევრმა ბ.-მ არ იცოდა ლიტვური ენა, არ იყო ლიტვის მოქალაქე და არ შეეძლო ემუშავა ციხეში. მომჩივანი ასევე, ირწმუნებოდა, რომ პერსონალის წევრმა პ.-მ მომჩივანს და სხვა პატიმარს შორის კონფლიქტის პროვოცირება მოახდინა. ომბუდსმენმა დაადგინა, რომ ბ-სთან მიმართებით საჩივრის განხილვის საფუძველი აღარ არსებობდა იმდენად რამდენადაც იმდროისათვის იგი ციხეში აღარ მუშაობდა. ომბუდსმენს, ბ-ს მხრიდან არც სამართალდარღვევა და არც რაიმე განზრახვა კონფლიქტის პროვოცირებისა, არ დაუდგენია. ამასთან დაკავშირებით, ომბუდსმენმა დაადგინა, რომ მომჩივნის საჩივრები ზოგადი ხასიათის იყო, რამდენადაც სახალხო დამცველის წარმომადგენლებთან შეხვედრისას მომჩივანს გაუჭირდა დაესახელებინა, თუნდაც ერთი ინციდენტი, როდესაც პ.-მ დაარღვია მისი უფლებები.
II. შესაბამისი ეროვნული სამართალი და პრაქტიკა
92. პატიმრობის კოდექსის თანახმად ციხეს ხელმძღვანელობს ციხის უფროსი. ციხის ადმინისტრაცია ანგარიშვალდებულია ციხის დეპარტამენტის მიმართ. 2000 წლის სექტემბრამდე ციხის დეპარტამენტი თავის მხრივ ანგარიშვალდებული იყო შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართ, მაგრამ ახლა მას ზედამხედველობს იუსტიციის სამინისტრო.
93. კონსტიტუციის 21-ე მუხლის თანახმად არავინ შეიძლება დაექვემდებაროს წამებას, არაადამიანურ ან დამაცირებელ მოპყრობას ან სასჯელს. პატიმრობის კოდექსის პირველი მუხლი ადგენს, რომ პატიმრობის მიზანი არ არის ფიზიკური ტანჯვის მიყენება ან ადამიანის ღირსების შელახვა.
94. პატიმრობის კოდექსის 41-ე მუხლი ადგენს, რომ მსჯავრდებულის მიმოწერაზე ზედამხედველობა უნდა დაწესდეს.
95. პატიმრობის კოდექსის 50-ე მუხლი უფლებას აძლევს პატიმარს, რომ მიმართოს სახელისუფლებო ორგანოებს რეკომენდაციით, განცხადებით და საჩივრით პატიმრობის პირობებთან დაკავშირებით. პატიმრობის კოდექსის 70-ე მუხლის მე-9 პარაგრაფის თანახმად, პატიმარს შეუძლია გაასაჩივროს დისციპლინარული სასჯელი ციხის უფრო მაღალი თანამდებობის პირთან. გასაჩივრება სასჯელის აღსრულებაზე გავლენას არ ახდენს. პატიმრობის კოდექსის 71-ე მუხლის თანახმად, იმ თანამდებობის პირთა სია, რომლებიც უფლებამოსილნი არიან პატიმრებს დააკისრონ დისციპლინარული სასჯელი და მათი კომპეტენცია ციხის რეჟიმის დარღვევის ფაქტის დადგენასთან დაკავშირებით დადგენილია ციხის წესებში.
96. ციხის წესები მიღებულ იქნა 1992 წლის 23 დეკემბერს შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანებით. წესები არეგულირებს ყველა საკითხს, რომელიც მიეკუთვნება პატიმრობის ზოგად პირობებს და ლიტვის ციხეებში დისციპლინურ რეჟიმს. სხვადასხვა მიზეზის გამო წესებში მრავალი ცვლილება იქნა შეტანილი მინისტრის ბრძანების საშუალებით. ისინი პირველად გამოაქვეყნეს ოფიციალურ გაზეთში 2000 წლის სექტემბერში, მას შემდეგ, რაც შინაგან საქმეთა სამინისტროსგან პასუხისმგებლობა გადაეცა იუსტიციის სამინისტროს.
97. ომბუდსმენის საპარლამენტო აქტის პირველი სექციის თანახმად, ომბუდსმენს შეუძლია განიხილოს ინდივიდუალური საჩივრები, რომლებიც ეხება აღმასრულებელი თანამდებობის პირთა მიერ სამართალდარღვევისა და თანამდებობის ბოროტად გამოყენების ფაქტებს. აქტის მე-14 სექციის თანახმად, ომბუდსმენს არ შეუძლია განიხილოს ის ბრალდებები, რომლის გამოძიებაც სასამართლოს კომპეტენციის ფარგლებში შედის. აქტის 23 (2) სექციის დებულებების თანახმად, ომბუდსმენს არ შეუძლია შეცვალოს ან გააუქმოს სახელისუფლებო ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება ან აქტი. 23(1) სექციის ქვესექციების (1) და (3) თანახმად ომბუდსმენს შეუძლია, მხოლოდ გადასცეს სამართალდამცავ ორგანოებს მისი გამოძიების შედეგები, სისხლის სამართლის საქმის წარმოების დაწყებისათვის ან სასამართლოში შეიტანოს სარჩელი, ან რეკომენდაცია გასცეს, რათა მიღებულ იქნას შესაბამისი ზომები დადგენილ სამართალდარღვევასთან მიმართებით.
სამართალი
I. კონვენციის მესამე მუხლის სავარაუდო დარღვევა
A. პატიმრობის ზოგადი პირობები
98. მომჩივანი ჩივის, რომ მისი პატიმრობის ზოგადი პირობები პრავიენისკეს ციხეში (იხ. პარაგრაფები 12-25 ზემოთ), წარმოადგენს დამამცირებელ მოპყრობას კონვენციის მე-3 მუხლის დარღვევით, რომელიც ადგენს შემდეგს:
“არავინ შეიძლება დაექვემდებაროს წამებას, არაადამიანურ ან დამამცირებელ მოპყრობას ან სასჯელს.”
99. მთავრობა ხაზგასმით აღნიშნავს, რომ მომჩივნის მიერ გასაჩივრებული ციხის ზოგადი მდგომარეობა, კერძოდ სივრცე, სანიტარული პირობები, სასადილო მომსახურება და ჯანმრთელობის დაცვის პირობები იყო შესაბამისი კონვენციის მე-3 მუხლით დადგენილი მოთხოვნებისა. რაც შეეხება მომჩივნის საჩივარს გასართობი აქტივობების სიმცირესთან დაკავშირებით, მთავრობა ამტკიცებს, რომ პატიმრებს უფასოდ მიეწოდებოდათ გაზეთები და კვირაში ერთხელ, შეეძლოთ აერჩიათ წიგნი ციხის ბიბლიოთეკაში. 1998 წლის განმავლობაში მოეწყო შემდეგი კულტურული და გასართობი ღონისძიებები: რამდენიმე სპორტული შეჯიბრი, ოთხი თეატრალური წარმოდგენა, ორი სამხატვრო გამოფენა, ორი სატელევიზიო თამაშების ჩვენება, ექვსჯერ ცნობილი ადამიანების სტუმრობა, ოთხმოცი კინო ჩვენება და 200 ვიდეო ჩვენება, ასევე ოთხმოცდაორი რელიგიური მსახურება. მთავრობა, სადავოს ხდიდა იმ ფაქტს, რომ მომჩივანმა ვერ მიიღო ადეკვატური სამედიცინო დახმარება 1998 წლის 11 ივნისს ან უშუალოდ ამის შემდგომ, რადგან არანაირი მოთხოვნა ასეთი დახმარების გაწევისა არ გაკეთებულა სპეციალური სატელეფონო ხაზით, როგორც ამას მოითხოვს ციხის წესები. მთლიანობაში, მთავრობა მიიჩნევდა, რომ ციხეში არსებული ზოგადი პირობები შესაბამისობაში იყო კონვენციის მე-3 მუხლთან.
100. როგორც სასამართლომ არაერთხელ დაადგინა, კონვენციის მე-3 მუხლი იცავს დემოკრატიული საზოგადოების ერთ-ერთ ყველაზე ფუნდამენტურ ღირებულებას. ის ადგენს წამების, დამამცირებელი და არაადამიანური მოპყრობის ან სასჯელის აბსოლუტურ აკრძალვას, მიუხედავად გარემოებებისა და მსხვერპლის ქცევისა (იხ. Labita v. Italy [GC], no. 26772/95, § 119, ECHR 2000-IV).
101. სასამართლო ასევე შეგვახსენებს, რომ მისი პრეცედენტული სამართლის მიხედვით, არაადამიანურმა მოპყრობამ უნდა მიაღწიოს სიმძიმის მინიმალურ დონეს, რომ მოექცეს კონვენციის მე-3 მუხლის ფარგლებში. სიმძიმის მინიმალური ზღვარის შეფასება შედარებითია, ის დამოკიდებულია საქმის ყველა ფაქტობრივ გარემოებაზე, როგორიცაა მოპყრობის ხანგრძლივობა, მისი ფიზიკური თუ მენტალური შედეგი (გავლენა), ზოგიერთ შემთხვევაში სქესი, ასაკი და მსხვერპლის ჯანმრთელობის მდგომარეობა. გარდა ამისა, იმის განხილვისას არის თუ არა მოპყრობა „დამამცირებელი“ მე-3 მუხლის მიხედვით, სასამართლომ მხედველობაში უნდა მიიღოს მისი მიზანი არის თუ არა აღნიშნული პიროვნების შეურაცხყოფა და დამცირება და როდესაც მოპყრობის შედეგებს ეხება, მნიშვნელოვანია ახდენს თუ არა იგი კონვენციის მე-3 მუხლთან შეუთავსებელ უარყოფით გავლენას მის პიროვნულობაზე. ასეთი განზრახვის არარსებობის შემთხვევაშიც არ შეიძლება საბოლოოდ გამოვრიცხოთ კონვენციის მე-3 მუხლის დარღვევის დადგენის შესაძლებლობა. (იხ. Peers v. Greece, no. 28524/95, §§ 67-68, 74, ECHR 2001-III).
102. სასამართლო მუდმივად ხაზს უსვამს, რომ ტანჯვა და დამცირება ნებისმიერ შემთხვევაში უნდა გასცდეს ტანჯვისა და დამცირების იმ გარდაუვალ ელემენტს, რომელიც დაკავშირებულია კანონიერ მოპყრობასა თუ სასჯელთან. ადამიანისთვის თავისუფლების აღკვეთის ზომები ხშირად მოიცავს ასეთ ელემენტს. ამ დებულების თანახმად სახელმწიფომ უნდა უზრუნველყოს, რომ პირი იმყოფებოდეს ისეთ პატიმრობის პირობებში, რომლებიც შეესაბამება მისი ადამიანური ღირსების პატივისცემას და რომ ზომების აღსრულებისას განხორციელებული ქმედებები და მეთოდები, არ დაუქვემდებარებს მას ისეთი ინტენსიურობის ფიზიკურ ტკივილს და გაჭირვებას, რომელიც გადააჭარბებს იმ ტანჯვის დონეს, რომელიც გარდაუვალია და დამახასიათებელია პატიმრობისთვის და ციხეში ყოფნის გათვალისწინებული პრაქტიკული მოთხოვნების გათვალისწინებით, რომ მისი ჯანმრთელობა და კეთილდღეობა იქნებას სათანადოდ დაცული. (იხ. Kudła v. Poland [GC], no. 30210/96, §§ 92-94, ECHR 2000-XI).
1. The SAB (ციხის განცალკევებით იზოლაციის ნაწილი)
103. სასამართლო პირველ რიგში, გამოიკვლევს SAB-ში არსებულ ზოგად პატიმრობის პირობებს, სადაც მომჩივანმა პრავიენისკეს ციხეში მისი პატიმრობის დროს, ერთ წელზე მეტი გაატარა. სასამართლო აღნიშანვს, რომ მომჩივანზე გადანაწილებული იყო დაახლოებით 5 კვადრატული მეტრის სივრცე საძინებელ ოთახში. ეს ციფრი მხედველობაში უნდა იქნას მიღებული იმ გადაადგილების ფართო თავისუფლებასთან ერთად, რომლითაც გაღვიძებიდან, დილის 6:30 წუთიდან საკანში ჩაკეტვამდე, საღამოს 10:30 წუთამდე, მომჩივანი სარგებლობდა. მთელს SAB-ის ტერიტორიაზე, რომელიც შედგებოდა განცალკევებული საძინებელი ოთახისაგან, მოსასვენებელი ოთახისაგან, სამზარეულოსაგან, სანიტარული ზონისაგან და ღია შიდა ეზოსაგან. საძინებელი იყო 92,2 კვადრატული მეტრის ფართის მქონე დიდი ოთახი, რომელსაც არ აკლდა განათება და ვენტილაცია. სასამართლო მხედველობაში იღებს, რომ SAB-ში არსებული სივრცე განათება და ვენტილაციის პირობები არსებითად უკეთესია, ვიდრე საასამართლოს მიერ დაადგენილი პირობები, ზემოთ ხსენებულ, Peers-ში, სადაც მომჩივანი ბნელ და ცუდი ვენტილაციის მქონე 7 კვადრატული მეტრის ფართობის საკანში იმყოფდა სხვა პატიმართან ერთად და საკნის გარეთ გადაადგილების ბევრად მეტად შეზღუდული შესაძლებლობები ჰქონდა (loc. cit., §§ 70-72).
104. სასამართლო აღნიშანვს, რომ სანიტარული მოწყობილობები, მათ შორის ტუალეტები და საშხაპეები იყო განცალკევებულ ადგილას და მომჩივანს შეეძლო მათი გამოყენება, გაღვიძებიდან დაძინებამდე, ნებისმიერ დროს. მთლიანი ტერიტორია ნაწილობრივ ტალახიანი იყო, თუმცა არ იყო მეტისმეტად ცუდი სუნი . მართალია, რომ აზიური ტიპის ტუალეტები არ იყო ერთამნეთისგან გამოყოფილი 1999 წლის ბოლო პერიოდამდე. მიუხედავად იმისა, რომ ამ გამყოფების დროებითი არ ქონა სამწუხაროა, უნდა აღინიშნოს, რომ სანიტარული ზონა გამოყოფილი იყო SAB-ის დანარჩენი ნაწილისგან და მომჩივანი არ იყო იძულებული გამოეყენებინა ტუალეტი სხვა პატიმრების თანდასწრებით( იხ. შედარებისთვის იქვე., § 73). მის მიერ, სასამართლოსთვის წარდგენილ წერილობით არგუმენტებში და სასამართლოს წარმომადგენლებთან შეხვედრისას, მომჩივანს არასოდეს განუცხადებია, რომ მას უწევდა ტუალეტის გამოყენება, მაშინ როდესაც მას სხვა პატიმარი უყურებდა. ნაცვლად ამისა, მან დაადასტურა, რომ გამყოფების არ არსებობისას პატიმრები ტუალეტებს იყენებდნენ რიგრიგობით, რომ პატივი ეცათ ერმანეთის პირადი ცხოვრებისთვის. გარდა ამისა, მაშინ როდესაც შესაძლებელია, რომ ციხეში ტუალეტის ქაღალდების სათანადო მიწოდების არარსებობამ შესაძლოა წამოჭრას მე-3 მუხლით გათვალისწინებული საკითხი, არ არის დადგენილი, რომ ეს პრობლემა მომჩივანს რეალურად შეექმნა. სასამართლო აღნიშნავს, რომ საძინებელში იყო შესაბამისი ლოგინის თეთრეული, რომელიც რეგულარულად ირეცხებოდა და შრებოდა ციხის სამრეცხაოში. მომჩივანს შეეძლო გაერეცხა მისი ტანსაცმელი სანიტარულ ზონაში და გაეშრო ისინი შიდა ეზოში ან საცხოვრებელ ტერიტორიაზე განთავსებულ რადიატორებზე. საბოლოოდ, სასამართლო მიიჩნევს, რომ სანიტარული და სამრეცხაო მოწყობილობები SAB-ში კონვენციის მე-3 მუხლთან შეუსაბამო არ იყო.
105. მომჩივანი აცხადებს, რომ მას არ გაუწიეს სამედიცინო დახმარება 1998 წლის 11 და 16 ივნისს. თუმცა, მომჩივანმა აღიარა, რომ მხოლოდ ერთხელ, 1998 წლის 11 ივნისს, ლანჩის დროს შეეცადა მოეთხოვა სამედიცინო დახმარება სპეციალური სატელეფონო ხაზის გამოყენებით, რომელიც SAB-ს აკავშირებს ციხის საავადმყოფოსთან და რომ მას შემდეგ ის პირდაპირ აღარ დაკავშირებია ციხის ექიმს. ამ შემთხევებში, სასამართლო დადგენილად არ მიიჩნევს სამადიცინო დახმარების არ არსებობას, მომჩივნის SAB -ში პატიმრობისას.
106. სასამართლო საბოლოოდ აღნიშნავს, რომ საძინებელი, სამზარეულო და მოსასვენებელი ოთახები, აღჭურვილი იყო ავეჯით პირადი გამოყენებისთვის და აუდიო-ვიზუალური მოწყობილობებით გართობისთვის. საბოლოოდ, სასამართლო მიიჩნევს, რომ მომჩივნის პატიმრობის ზოგადი პირობები SAB-ში არ აღწევდა სიმძიმის მინიმალურ დონეს, რომელიც შეიძლება წარმოადგენდეს დამამცირებელ მოპყრობას კონვენციის მე-3 მუხლის გაგებით.
2. ჩვეულებრივი რეჟიმი (დანაყოფი 1)
107. სასამართლო შემდეგ გამოიკვლევს, პირველ დანაყოფში ჩვეულებრივი რეჟიმის პატიმრობის ზოგად პირობებს, სადაც მომჩივანმა გაატარა ერთ წელზე ნაკლები პრავიენისკეს ციხეში მისი პატიმრობისას. მიუხედავად იმისა, რომ საერთო საძინებელ ოთახში სივრცე, რომელიც გადანაწილებული იყო მომჩივანზე მე-13 და 21-ე სექციებში, შესაბამისად წარმოადგენდა 2,7 და 3,2 კვადრატულ მეტრს, თავად საძინებლების ფართობი კი 86,5 და 55, 3 კვადრატული მეტრი იყო და არ აკლდა სინათლე და ჰაერი. გარდა ამისა, მომჩივანი არ იყო შეზღუდული, გაღვიძებიდან დაძინებამდე, გადაადგილებულიყო მთელი დანაყოფის ტერიტორიაზე ან შიდა ეზოში. ამგვარად, შესაბამისი პირობებით შეზღუდული სივრცის კომპენსირება ხდებოდა, მთლიანობაში დიდი მოცულობის საერთო საძინებლებით, ისევე, როგორც ნებედართული გადაადგილების თავისუფლებით (იხ. პარაგრაფი 103 ზემოთ).
108. სანიტარულ და სამრეცხაო მოწყობილობებთან დაკავშირებით მდგომარეობა პირველ ფლიგელში არსებითად იგივე იყო როგორც SAB-ში. მიუხედავათ იმისა რომ რამდენიმე რამ დასანანი იყო, კერძოდ დროებით არ ქონა გამყოფებისა ტუალეტებს შორის და უფასო ტუალეტის ქაღალდების სიმცირე, მთლიანობაში ეს მოწყობილობები არ იყო ისეთი არადამაკმაყოფილებელი, რომ წარმოადგენდეს მე-3 მუხლის დარღვევას (იხ. პარაგრაფი 104 ზემოთ). ერთი აღსანიშნავი განსხვავება, SAB-სა და პირველ ფლიგელს შორის, იყო ის, რომ ამ უკანასკნელში მომჩივანს არ ჰქონდა შეუზღუდავი წვდომა საშხაპეზე. თუმცა, არ დადგენილა, რომ ასეთი შეზღუდვა სისუფთავის შენარჩუნებაში იმ ხარისხით უშლიდა მას ხელს, რომელიც მე-3 მუხლთან შეუსაბამო იქნებოდა.
109. მაშინ, როდესაც ციხის სასადილოში დასაჯდომი ადგილები შეზღუდული იყო, სასადილო მომსახურება ცვლებით ხორციელდებოდა. არ დაადგენილა, რომ თუნდაც ერთი პატიმარი დარჩა საჭმლის გარეშე, სასადილოს გადატვირთულობის გამო. სასამართლოს აკმაყოფილებს ის, რომ სასადილოს ჰიგიენა და მოწოდებული საკვები რეგულარულად მოწმდებოდა კომპეტენტური სამსახურის მიერ. არ არის მტკიცებულება იმისა, რომ მომჩივანს ან, მართლაც, რომელიმე სხვა პატიმარს, ფიზიკური ზიანი მიადგათ სასადილოში არსებული მომსახურების შედეგად. სასამართლოს აზრით, ახლობლებისგან დამატებითი საკვების მიღების ან მისი ციხის მაღაზიაში შეძენის შესაძლებლობას, შეეძლო გამოესწორებინა, ციხის სასადილოში მიღებული შესაძლო ერთფეროვანი საკვებისგან გამოწვეული პატიმართა უკმაყოფილება. ამგვარად სასამართლო ასკვნის, რომპრავიენისკეს ციხეში სასადილო მომსახურების პირობები არ იყო დამამცირებელი.
110. სასამართლო არ მიიჩნევს დადგენილად, რომ მომჩივანი ან უფრო მეტიც, რომელიმე პატიმარი, დაექვემდებარა„დგომის რეჟიმს“, როგორც ამას მომჩივანი ირწმუნება. აშკარაა, რომ შესაბამისი ციხის წესების თანახმად, რომელიც მოქმედებდა 1998 წლის აგვისტოდან ნოემბრამდე, როდესაც იგი გაუქმდა, პატიმრები ნებადართულნი იყვნენ, რომ დამსხდარიყვნენ, მათ საწოლებზე თუ სკამებზე, და ზოგიერთ პატიმარს, თუ კი ამას მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა მოითხოვდა საწოლზე დაწოლის ნებაც ჰქონდათ. პატიმრებს შესაძლებლობა ჰქონდათ გასულიყვნენ შიდა ეზოში სასეირნოდ და დამსხდარიყვნენ იქ. მომჩივანს უდაოდ არ ჰქონდა ვალდებულება მთელი დღე ფეხზე მდგარიყო. არ მოიპოვება სამედიცინო ჩანაწერები, რომლებიც დაადასტურებდა მომჩივნის საჩივრებს მის ცუდ ჯანმრთელობასთან დაკავშირებით, მათ შორის გულის დაავადებებს, მუხლის ოპერაციის გადაუდებელ საჭიროებას, რაიმე საჭიროებას დღის განმავლობაში წამოწოლისა, ან მუცლის ღრუს მდგომარეობას, რომელიც საჭიროებდა უკეთეს კვებას, ვიდრე ციხის სასადილოში არსებული კვება იყო. სასამართლო ადგენს, რომ ციხის სამედიცინო სამსახური, არ განიცდიდა არსებითი აღჭურვილობების, წამლებისა თუ პერსონალის სიმცირეს, რათა უზრუნველეყოთ მომჩივნის ჯანმრთელობის დაცვა კონვენციის მე-3 მუხლის შესაბამისად.
111. სასამართლო შენიშნავს, რომ სამუშაოსა და საგანმანათლებლო შესაძლებლობების სიმცირე, როგორც ჩანს ხელს უწყობდა პრავიენისკეს ციხეში მოწყენილი ატმოსფეროს არსებობას. თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ მოწყობილი კონცერტებისა და კინო ჩვენებების რიცხვი, იძლეოდა გართობის შესაძლებლობას. გარდა ამისა, პატიმრებს ასევე შესაძლებლობა ჰქონდათ, რომ მიეღოთ წიგნები, ეყურებინათ ტელევიზორისთვის, მოესმინათ მუსიკისთვის, ევარჯიშათ სასეირნო ეზოში, ან ჩართულიყვნენ სხვა გასართობ ღონისძიებეში. მომჩივანმა დაადასტურა, რომ მას შესაბამისი კონტაქტები ჰქონდა გარე სამყაროსთან, პირადი ვიზიტების საშუალებით. მთლიანობაში, სასამართლო ადგენს, რომ ზოგადი მდგომარეობა ჩვეულებრივი რეჟიმის ფარგლებში პრავიენისკეს ციხეში, არ იყო ისეთი საშინელი, როგორც ამას მომჩივანი თავდაპირველად ამტკიცებდა. ამ გარემოებების მიხედვით, სასამართლო მიიჩნევს, რომ ჩვეულებრივი რეჟიმის ფარგლებში მომჩივნის პატიმრობის პირობებს არ მიუღწევია სიმძიმის იმ მინიმალურ დონემდე, რაც წარმოადგენს "დამამცირებელ მოპყრობას, მე-3 მუხლის გაგებით (იხილეთ, საპირისპირო , Peers, cited above, §§ 70-75).
3. განმარტოებითი საკანი
112. სასამართლოს წარმომადგენლების მიერ დადგენილი, განმარტოებითი საკნის პირობების მიხედვით, სასამართლო ადგენს, რომ მომჩივნის საჩივრები, რომლებიც შეეხება მის აქ გატარებულ, მოკლე თხუთმეტდღიან, პატიმრობას, არ აღწევს სიმძიმის იმ მინიმალურ დონეს, რაც წარმოადგენს კონვენციის მე-3 მუხლით გათვალისწინებული მოპყრობის საწინააღმდეგო სიტუაციას.
4. დასკვნა
113. ზემოთ ჩამოყალიბებული მსჯელობის თანახმად, სასამართლო ასკვნის, რომ სახეზე არ გვაქვს კონვენციის მე-3 მუხლის დარღვევა მომჩივნის პატიმრობის ზოგად პირობებთან მიმართებით.
ბ. ადმინისტრაციის სპეციალური ქმედებები
1. 1998 წლის 7 მაისის პირადი ჩხრეკა
114. მომჩივანი აპროტესტებს, რომ 1998 წლის 7 მაისს მისი პირადი ჩხრეკა წარმოადგენდა დამამცირებელ მოპყრობას კონვენციის მე-3 მუხლის დარღვევით (იხილეთ პარაგრაფი 26 ზემოთ). კერძოდ, მას სავარაუდოდ დაავალეს მთლიანად გაშიშვლებულიყო ციხის მდედრობითი სქესის ოფიცრის წინაშე, მისი დამცირების მიზნით. შემდეგ მას უბრძანეს, რომ ჩაემუხლა, და მისი სასქესო ორგანოები და საკვები შეამოწმეს მცველებმა, რომლებსაც ხელთათმანები არ ეცვათ.
115. მთავრობა ამტკიცებდა, რომ ისინი საეჭვოდ მიიჩნევენ აღნიშნული ბრალდებების სიმართლეს, რადგანაც პერსონალისთვის ცნობილი იყო შესაბამისი რეგულაციები და ჰიგიენის ნორმები.
116. რაც შეეხება სადავო ფაქტს, რომელიც მოიცავს მდედრობითი სქესის ოფიცრის ყოფნას ჩხრეკის დროს, სასამართლო აღნიშნავს, რომ მისმა წარმომადგენლებმა დაადგინეს, რომ ქალი, რომელიც მომჩივნის თქმით, იყო ქალბატონი ჯ. მუშაობდა ციხეში და მისი დასწრება 1998 წლის 7 მაისი ჩხრეკის დროს შესაძლებელი იყო, როგორც პრაქტიკულად ასევე თეორიულად. მათ ასევე დაადგინეს, რომ ჩხრეკა პირადი ვიზიტის შემდეგ შესაძლოა მოიცავდა პატიმრის გაშიშვლებასაც. სასამართლოს აზრით, მომჩივნის ამ ჩხრეკის შესახებ საჩივართან დაკავშირებით, ციხის უფროსის მიერ მოკვლევის შესახებ რაიმე ჩანაწერის არ არსებობა იმ კონკრეტულ დროს, მიუთითებს ციხის კომპეტენტური ორგანოების მხრიდან სურვილის არქონას, რომ ჩაატარონ შესაბამისი გამოძიება აღნიშნული შემთხვევისა. იმის გათვალისწინებით, რომ არანაირი მტკიცებულება არ იყო სასამართლოს წინაშე წარმოდგენილი, რომ სასამართლოს არ დაეჯერებინა მომჩივნის ბრალდებები, პირიქით, სასამართლომ მიიღო რამდენიმე მტკიცებულება, რომელიც უფრო დამაჯერებელს ხდიდა მომჩივნის ბრალდებებს (იხ. mutatis mutandis, Timurtaş v. Turkey, no. 23531/94, § 45, ECHR 2000-VI), სასამართლო ადგენს, რომ ჩხრეკა იყო ჩატარებული, ისე როგორც მომჩივანმა აღწერა.
117. სასამართლო მიიჩნევს, რომ მიუხედავად იმისა, რომ გაშიშვლებით-ჩხრეკა (სრული ჩხრეკა) შეიძლება ჩატარდეს, იმ შემთხვევაში თუ კი ეს საჭიროა, ციხის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად ან წესრიგის დარღვევისა და დანაშაულის თავიდან ასაცილებლად, ის უნდა ჩატარდეს შესაბამისი წესის მიხედვით. პირის იძულება, რომ გაშიშვლდეს ქალის თანდასწრებით და მის სასქესო ორგანოებზე და საკვებზე შეხება შიშველი ხელებით, მიუთითებდა მომჩივნის მიმართ აშკარა უპატივცემულობას, და ხელყოფდა მის ღირსებას. ეს მას დაუტოვებდა დიდი ტკივილისა და არასრულფასოვნების განცდას, რაც გამოიწვევდა დამცირებასა და შეურაცხყოფას. აქედან გამომდინარე, სასამართლო ასკვნის, რომ 1998 წლის 7 მაისის ჩხრეკა წარმოადგენს დამაცირებელ მოპყრობას კონვენციის მე-3 მუხლის მიხედვით.
118. შესაბამისად, დადგინდა მე-3 მუხლის დარღვევა.
2. მომჩივნის სავარაუდო ვიქტიმიზაცია და განხილვის არარსებობა
119. მომჩივანი ასევე ასაჩივრებდა, რომ ადმინისტრაციის თვითნებური დისციპლინური სასჯელის შედეგად მისი ვიქტიმიზაციამოხდა და არ განხორციელებულა ეფექტური განხილვა მისი საჩივრისა ციხის ადმინისტრაციის წინააღმდეგ (იხ. პარაგრაფები 27-39 ზემოთ). ციხის ადმინისტრაციის თვითნებური ქმედებები მის წინააღმდეგ სავარაუდოდ წარმოადგენდა სამაგიეროს გადახდას მისი კანონიერი საქმიანობისთვის, როგორც „Aim“-ის ხელმძღვანელის, რაც მოიცავდა სასამართლოში საჩივრების შეტანას და პატიმრობის პირობების გაკრიტიკებას.
120. მთავრობა ამტკიცებდა, რომ მომჩივნის ბრალდებები ციხის პერსონალის მიმართ მათი არაკეთილსინდისიერებისა და არაკომპეტენტურობასთან და ასევე მის ვიქტიმიზაციასთან დაკავშრებით იყო უსაფუძვლო. ამასთან დაკავშირებით მთავრობა მიუთითებდა მომჩივნის საჩივრებთან მიმართებაში ომბუდსმენის დასკვნებზე (იხ. პარაგრაფები 85-91 ზემოთ).
121. სასამართლო აღნიშნავს, რომ მომჩივანს დაეკისრა დისციპლინური სასჯელები, როგორიცაა დასუფთავების მოვალეობა, სოციალურ-ეკონომიკური უფლებების დროებითი შეზღუდვა (ნაკლებად კომფორტული პატიმრობის პირობები, ციხის მაღაზიაში რაიმის ყიდვის უფლების შეჩერება ან ახლობლებისგან ამანათების მიღება) ან გადაადგილების თავისუფლების შეზღუდვა (დროებითი განცალკევებით პატიმრობა და SAB-ში გადაყვანა), ან დისციპლინური გაფრთხილების მიცემა. თუმცა, სასამართლო მიიჩნევს, რომ მომჩივნის პატიმრობის ზოგად პირობებს არ მიუღწევიათ სიმძიმის იმ დონემდე, რაც ხვდება კონვენციის მე-3 მუხლის ფარგლებში (იხ. პარაგრაფები 103-12 ზემოთ). მომჩივანს არ წარმოუდგენია სამედიცინო დასკვნები ან სხვა მტკიცებულებები, რომლებიც მიუთითებდა, რომ მას დისციპლინური სასჯელების შედეგად, მიადგა ისეთი ფიზიკური ან მორალური ტანჯვა, რომელიც ცდება ტანჯვის და დამცირების იმ ელემენტს, რომელიც აუცილებლად თან სდევს კანონიერი ფორმით ისეთ მოპყრობასა და სასჯელს, როგორიცაა პატიმრის წინააღმდეგ დისციპლინური სანქციები ციხეში წესრიგის უზრუნველსაყოფად. აქედან გამომდინარე სასამართლო მიიჩნევს, რომ დისციპლინურ სასჯელებს არ მიუღწევიათ სიმძიმის იმ დონემდე, რომელიც უტოლდება კონვენციის მე-3 მუხლის საწინააღმდეგო მოპყრობას.
122. მართალია, რომ მე-3 მუხლით გარანტირებულია ადეკვატური შიდა გამოძიების უფლება "არასათანადო მოპყრობის შესახებ დამაჯერებელი განცხადების", კონვენციის მე-3 მუხლის გაგებით, " რომელსაც მივყავართ მათი იდენტიფიცირებისა და დასჯისკენ ვინც პასუხისმგებელია" ასეთ მოპყრობისთვის. ზემოთ ხსენებულ Labita-ში, სასამართლომ დაადგინა მე-3 მუხლის დარღვევა, რადგან სახელისუფლებო ორგანოებმა არ გამოიძიეს მე-3 მუხლის სავარაუდო დარღვევის ფაქტი. თუმცა, იმ საქმეში ბრალდებები შეეხებოდა უამრავ ძალადობის აქტს, შეურაცხყოფას და მომჩივნის წამების სხვა ფორმებს. (იხილეთ Labita, cited above, §§ 117-36).
წარმოდგენილ საქმეში კი მომჩივანი მხოლოდ ჩიოდა, მის მიმართ დისციპლინური სასჯელის დაკისრებამდე, ციხის ხელმძღვანელობის მიერ დადგენილ ფაქტებზე და ზოგადად პერსონალის შეუფერებლობაზე, ვიდრე პირად, ფიზიკურ თუ მორალურ ზიანზე მე-3 მუხლის ფარგლებში. სასამართლო დარწმულებული არ არის, რომ ეს საჩივრები მოიცავს "არასათანადო მოპყრობის შესახებ დამაჯერებელ განცხადებებს", რომელიც იძლევა "სრულყოფილი და ეფექტური" გამოძიების გარანტიას (ibid., mutatis mutandis, §§ 130-36).
123. ნებისმიერ შემთხვევაში, მომჩივნის საჩივრები გამოძიებულ იქნა. მომჩივანი არ ამტკიცებდა, რომ მას ხელი არ მიუწვდებოდა მის წინააღმდეგ შედგენილ დისციპლინურ მოხსენებებზე, ან რომ მას არ შეეძლო თავი დაეცვა ციხის დისციპლინის სავარაუდო დარღვევებთან დაკავშირებით. ამის საპირისპიროდ, მას ჰქონდა შესაძლებლობა წარმოედგინა მისი არგუმენტები ციხის დისციპლინური კომისიის წინაშე პირადად და წერილობით. თითოეული სასჯელის მიზეზის გათვალისწინებით, სასამართლო აღნიშნავს, რომ მომჩივნის დისციპლინური საყვედური არ იყო თვითნებური. სასამართლოს აზრით, სამწუხაროდ ციხის შიდა წესები ადგენდა საფუძველსა და ფარგლებს დისციპლინური ქმედებებისა, რომლებიც არ იყო გამოქვეყნებული მომჩივნის პატიმრობის დროს. თუმცა, მომჩივანი არ ამტკიცებდა, რომ მისთვის ხელმისაწვდომი არ იყო ეს წესები ციხის ბიბლიოთეკაში.
უფრო მეტიც, მომჩივანმა თავად ისარგებლა იმ უფლებით, რომ სადაო გაეხადა ციხის ხელმძღვანელობის ყველა დასკვნა სახალხო დამცველის დამოუკიდებელი ორგანოს წინაშე. ომბუდსმენმა ჩაატარა დაჩქარებული გამოძიება და მისი წარმომადგენელი იქნა გაგზავნილი ციხეში, რათა გამოეძიებინა მომჩივნის ბრალდებები. მიუხედავად იმისა, რომ ომბუდსმენს არ ჰქონდა კანონით მინიჭებული უფლება, რომ გაეუქმებინა ადმინისტრაციის გადაწყვეტილებები, უნდა აღინიშნოს, რომ სულ მცირე ორ შემთხვევაში ციხის ადმინისტრაციამ რეაგირება მოახდინა ომბუდსმენის ჩარევის შემდეგ (იხ. პარაგრაფები 22 და 24 ზემოთ). სასამართლო ასკვნის, რომ მომჩივნის სავარაუდო ვიქტიმიზაციასთან დაკავშირებული საჩივრების აღმასრულებელ დონეზე და ომბუდსმენის მიერ განხილვა აკმაყოფილებს მე-3 მუხლის მოთხოვნებს წინამდებარე საქმის შემთხვევაში.
124. სასამართლო საბოლოოდ აღნიშნავს, რომ ციხის ადმინისტრაციას ხელი არ შეუშლია მომჩივნისვის, რომ დაეფუძნებინა და განეხორციელებინა „Aim“-ის საქმიანობა. მართალია, რომ ციხის უფროსმა 1999 წლის დასაწყისში გაზეთის ჟურნალისტთან ახსენა, რომ განმცხადებელი უფრო მეტად "მომჩივანი" იყო ვიდრე "საქმის მკეთებელი". მიუხედავად ამისა სასამართლო მიიჩნევს, რომ ასეთი შენიშვნა შეესაბამებოდა გარკვეულ რეალობას და არ გამოხატავდა მიკერძოებულ დამოკიდებულებას მომჩივნის მიმართ, მისი უამრავი დისციპლინური დარღვევის გათვალისწინებით, მისი შეუსაბამო ქცევა, რომელიც გამოიხატებოდა, მაგალითად, მის უარში, რომ დამორჩილებოდა ციხის პერსონალის კანონიერ ბრძანებას ასევე გაუმართლებელი შიმშლობა.
სასამართლო შენიშნავს, რომ მიუხედავად ამისა 1999 წლის დასაწყისში მომჩივანსა და ციხის ადმინისტრაციას შორის დამყარდა კომუნიკაციისა და თანამშრომლობის კარგი მეთოდი. უფრო მეტიც ციხის უფროსმა ამოშალა მომჩივნის დისციპლინური ჩანაწერი და დაეხმარა მას ნაადრევად განთავისუფლებულიყო შეწყალების საფუძველზე, პატიმრის გამოსწორებულ ქცევასა და ციხის რეჟიმის პატივისცემაზე მითითებით. ამ შემთხვევებში, სასამართლო ვერ ხედავს არგუმენტს მომჩივნის საჩივარში, რომ მოხდა მისი ვიქტიმიზაცია "Aim“-თან დაკავშირებით მისი საქმიანობის გამო, სასამართლოსთვის წარდგენილ საჩივრებში, ან მისი კანონიერი უფლებების და თავისუფლებების სხვა სახით განხორციელებაში.
125. საერთო ჯამში, მომჩივნის მიმართ დისციპლინური სანქციები და ციხის ხელმძღვანელობის წინააღმდეგ მისი საჩივრების შიდა განხილვა არ წარმოადგენს, მე-3 მუხლის საწინააღმდეგო დამამცირებელ მოპყრობას. შესაბამისად, ამ შემთხვევაში სახეზე არ გვაქვს კონვენციის მე-3 მუხლის დარღვევა.
II. კონვენციის მე-8 მუხლის სავარაუდო დარღვევა
126. მომჩივანი ამტკიცებს, რომ ციხის ადმინისტრაცია ხსნიდა კონვენციურ ორგანოსთან გაგზავნილ და მისგან მიღებულ წერილებს. მომჩივნის მტკიცებით, დაირღვა კონვენციის მე-8 მუხლი, რომლის შესაბამისი ნაწილი ადგენს შემდეგს:
"1. ყველას აქვს უფლება, პატივი სცენ მის...მიმოწერას.
2. დაუშვებელია ამ უფლების განხორციელებაში საჯარო ხელისუფლების ჩარევა, გარდა ისეთი შემთხვევისა, როდესაც ასეთი ჩარევა ხორციელდება კანონის შესაბამისად და აუცილებელია დემოკრატიულ საზოგადოებაში... წესრიგის დარღვევისა და დანაშაულის თავიდან ასაცილებლად. "
127. მთავრობამ არ წარმოადგინა კომენტარი ამ ბრალდებებთან დაკავშირებით, აღიარებს, რომ ციხის კოდექსის 41-ე მუხლის თანახმად დაშვებული იყო მიმოწერის შემოწმება.
128. სასამართლო აღნიშნავს, რომ მთავრობა, სადაოს არ ხდის განაცხადის ამ ნაწილში, მომჩივნის მიერ წარმოდგენილ ფაქტებს. 1998 წლის 7 დეკემბრით დათარიღებული ციხის უფროსის სასამართლოსათვის გაგზავნილი წერილის მხედველობაში მიღებით (იხ. პარაგრაფი 41 ზემოთ), დადგენილია, რომ კონვენციური ორგანოსთვის გაგზავნილი და მისგან მიღებული წერილები იხსნებოდა და მომჩივანს არ შეეძლო მის სახელზე გამოგზავნილი წერილების თავისთან შენახვა. ამგვარად, სახეზე იყო კონვენციის მე-8 მუხლით დადგენილი მომჩივნის მიმოწერისთვის პატივისცემის უფლების დარღვევა, რომლის გამართლებაც შესაძლებელია, მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ამ დებულების, მეორე პარაგრაფით დადგენილი პირებები დაკმაყოფილებულია. კერძოდ, ასეთი ჩარევა უნდა იყოს "კანონის შესაბამისი", უნდა შეესაბამებოდეს კანონიერ მიზანს და უნდა იყოს აუცილებელი დემოკრატიულ საზოგადოებაში ამ მიზნის მისაღწევად (იხ. Peers, ზემოთ ნახსენები, §§ 81-82).
129. წინამდებარე საქმეში ჩარევას აქვს კანონიერი მიზანი "დანაშაულის ან წესრიგის დარღვევის აღკვეთა". თუმცა, რაც შეეხება ჩარევის აუცილებლობას, მთავრობას არ წარმოუდგენია არანაირი მიზეზი, რომელიც გააამართლებდა, ამ კონტროლს, სასამართლოსთან მიმოწერაზე, რომლის კონფიდენციალურობა უნდა იქნას დაცული (იხ. mutatis mutandis, იქვე.). შესაბამისად, გასაჩივრებული ჩარევა არ იყო აუცილებელი დემოკრატიულ საზოგადოებაში, მე-8 მუხლის მე-2 პარაგრაფის მიხედვით.
130. შედეგად, ადგილი ჰქონდა კონვენციის მე-8 მუხლის დარღვევას.
III. კონვენციის 34-ე მუხლის სავარაუდო დარღვევა
131. მომჩივანი საბოლოოდ ამტკიცებდა, რომ მოპასუხე მთავრობამ დაარღვია კონვენციის 34-ე მუხლი, რომელიც ადგენს შემდეგს:
"სასამართლოს შეუძლია მიიღოს განაცხადები ნებისმიერი ფიზიკური პირისაგან, არასამთავრობო ორგანიზაციისაგან ან ცალკეულ პირთა ჯგუფისაგან, რომლებიც ამტკიცებენ, რომ ისინი არიან ერთ-ერთი მაღალი ხელშემკვრელი მხარის მიერ კონვენციით ან მისი ოქმებით გათვალისწინებული უფლებების დარღვევის მსხვერპლნი. მაღალი ხელშემკვრელი მხარეები კისრულობენ ვალდებულებას, არ შეუშალონ ხელი ამ უფლების ეფექტიან განხორციელებას."
132. ამასთან დაკავშირებით მომჩივანმა განაცხადა, რომ ციხის ადმინისტრაციამ, მხოლოდ 1998 წლის 18 დეკემბერს გაუგზავნა სასამართლოს მისი წერილებიდან სამი წერილი, კერძოდ მისი 1998 წლის 30 ნოემბრის, 3 და 15 დეკემბრის წერილები. მომჩივნის აზრით ამ წერილების გადაცემა გაუმართლებლად დაგვიანდა, რადგან ისინი შეიცავდნენ ციხის თანამდებობის პირთა მიმართ კრიტიკას. სასამართლოს წარმომადგენლებთან შეხვედრისას, მომჩივანმა ასევე ახსენა 1998 წლის 16 დეკემბრის წერილი, რომელიც სავარაუდოდ გადაეცა ციხის ადმინისტრაციას, მაგრამ მას არასოდეს მიუღწევია სასამართლომდე.
133. მთავრობა აპროტესტებდა, რომ არ არსებობდა მტკიცებულება, იმისა, რომ სასამართლოსთვის გასაგზავნი მომჩივნის წერილი დამალული იქნა. ამგვარად სახეზე არ იყო კონვენციის 34-ე მუხლის დარღვევა.
134. სასამართლო აღნიშნავს, რომ მომჩივნის 1998 წლის 30 ნოემბრის, 3 და 15 დეკემბრის წერილები სასამართლოს გაეგზავნა, ციხის ადმინისტრაციის მიერ 1998 წლის 18 დეკემბერს. სასამართლო მიიჩნევს, რომ ასეთი დაგვიანებით არ ვლინდება, რაიმე პირდაპირ განზრახვა ციხის ადმინისტრაციის მხრიდან, რომ დაუმალოს მომჩივნის საჩივრები სასამართლოს.
135. უფრო მეტიც, 1998 წლის 15 დეკემბრის ციხის ადმინისტრაციის შეხვედრის ამონაწერი (იხ. პარაგრაფი 43 ზემოთ) აჩვენებს, რომ მომჩივანს შეეძლო ჰქონოდა მიმოწერა სასამართლოსთან.
136. მომჩივანმა ასევე განაცხადა, რომ 1998 წლის 16 დეკემბრის სასამართლოსთვის გაგზავნილი წერილი არ გაუგზავნია ციხის ადმინისტრაციას. სასამართლო ეჭვქვეშ აყენებს ამ ბრალდების ჭეშმარიტებას, რამდენადაც ეს საკითხი მომჩივანმა დააყენა არა სასამართლოს მიერ განაცხადის დასაშვებობასთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მიღებამდე, არამედ სასამართლოს წარმომადგენლებთან შეხვედრისას. უფრო მეტიც, მომჩივანს არ დაუკონკრეტებია, რა იყო ამ წერილში დაწერილი ან რატომ უნდა დაემალა ციხის ადმინისტრაციის მხრიდან. ამ შემთვევაში, და იმ ფაქტის გათვალისწინებით, რომ მომჩივნის ყველა წინა წერილი არსებითი დაგვიანების გარეშე გაიგზავნა, სასამართლო დასაშვებად არ სცნობს მომჩივნის ბრალდებებს და ადგენს, რომ მომჩივანს არანაირად არ შეშლია ხელი, სასამართლოსთვის პეტიციით მიმართვის უფლების განხორციელებაში. (იხ. , mutatis mutandis, Cooke v. Austria, no. 25878/94, §§ 46-49, 8 February 2000, unreported).
137. საერთო ჯამში, წინამდებარე საქმის ფაქტებით არ ვლინდება, კონვენციის 34-ე მუხლით გათვალისწინებული მომჩივნის უფლების დარღვევა.
IV. კონვენციის 41-ე მუხლის გამოყენება
138. კონვენციის 41-ე მუხლი ადგენს, რომ :
"თუ სასამართლო დაადგენს, რომ დაირღვა კონვენცია და მისი ოქმები, ხოლო შესაბამისი მაღალი ხელშემკვრელი მხარის შიდასახელმწიფოებრივი სამართალი დარღვევის მხოლოდ ნაწილობრივი გამოსწორების შესაძლებლობას იძლევა, საჭიროების შემთხვევაში, სასამართლო დაზარალებულ მხარეს სამართლიან დაკამყოფილებას მიაკუთვნებს."
ა. ზიანი
139. მომჩივანმა მოითხოვა 10,000 ლიტი (LTL) არამატერიალური ზიანისათვის.
140. მთავრობა მიიჩნევს, რომ მომჩივანი გადამეტებულ თანხას მითხოვს.
141. სასამართლო, მხედველობაში იღებს რა, ზემოთ ხსენებულ მის დასკვნებს მომჩივნის საჩივრებთან მიმართებით. მიიჩნევს რომ მას მიაყენეს გარკვეული არამატერიალური ზიანი, რომელიც მიადგა 1998 წლის 7 მაისის პირადი ჩხრეკის და მისი კონვენციურ ორგანოებთან, მისი მიმოწერის გახსნის შედეგად. აქედან გამომდინარე სასამართლო მომჩივანს ანიჭებს 6,000 LTL ოდენობის თანხას, ამ თავის მიხედვით თანასწორობის საფუძვლზე.
ბ. გაწეული ხარჯები
142. მომჩივანმა დაადასტურა, რომ მის ადვოკატს გადაუხადეს 5,000 ფრანგული ფრანკი სასამართლოს სამართლებრივი დახმარების პროგრამის ფარგლებში. თუმცა, მან მოითხოვა LTL 1,693.87 კონვენციით დადგენილ პროცედურებთან დაკავშირებით გაღებული დამატებითი სამართლებრივი ხარჯებისათვის, მათ შორის თარგმანებისა და სატელოფონო ხარჯებისა და დანახარჯებისთვის, რომელიც დაკავშირებული იყო სასამართლოს ფაქტების დამდგენ მისიაში ადვოკატების მონაწილეობასთან.
143. მთავრობამ, კომენტარი არ გააკეთა, მომჩივნის საჩივრის ამ ასპექტთან დაკავშირებით.
144. სასამართლო ადგენს, რომ მოთხოვნა მართებულია და მომჩივანს ანიჭებს LTL 1,693.87 ამ თავის მიხედვით.
გ. საურავი
145. სასამართლოსათვის ხელმისაწვდომი ინფორმაციის, თანახმად კანონით დადგენილი საპროცენტო განაკვეთი ლიტვაში, ამ განჩინების მიღების დღეს არის 9.28% ყოველწლიურად.
ზემოთხსენებული მიზეზების გამო, სასამართლო ერთხმად
1. ადგენს, რომ ადგილი ჰქონდა კონვენციის მე-3 მუხლის დარღვევას მომჩივნის 1998 წლის 7 მაისის პირად ჩხრეკასთან დაკავშირებულ საჩივართან მიმართებით;
2. ადგენს, რომ ადგილი არ ჰქონია მე-3 მუხლის დარღვევას მომჩივნის დანარჩენ საჩივრებთან დაკავშირებით, რომლებიც ეხებოდა მისი პატიმრობის პირობებსა და პატიმრობისას მის მიმართ განხორციელებულ მოპყრობას;
3. ადგენს, რომ ადგილი ჰქონდა კონვენციის მე-8 მუხლის დარღვევას;
4. ადგენს, რომ ადგილი არ ჰქონია კონვენციის 34-ე მუხლის დარღვევას;
5. ადგენს,
(ა) რომ მოპასუხე სახელმწიფომ, სამი თვის განმავლობაში იმ დღიდან, რა დღესაც კონვენციის 44-ე მუხლის მე-2 პარაგრაფის თანახმად, განჩინება საბოლოო გახდება, უნდა გადაუხადოს მომჩივანს LTL 6,000 (ექვსი ათასი ლიტი) არამატერიალურ ზიანთან დაკავშირებით, LTL 1,693.87 (ათას ექვსას ოთხმოცდაცამეტი ლიტი და ოთხმოცდაშვიდი ცენტი) გაწეული ხარჯებისა და დანახარჯებისათვის, დამატებით ნებისმიერი დამატებითი გადასახადი, რაც დაეკისრება;
(ბ) ამ ერთნიშნა პროცენტის ყოველწლიური 9.28 საპროცენტო განაკვეთით, გადახდა უნდა მოხდეს, ზემოხსენებული სამი თვის ვადის ამოწურვიდან საკითხის მოგვარებამდე.
6. უარყოფს მომჩივნის დანარჩენ მოთხოვნებს სამართლიან დაკმაყოფილებასთან დაკავშირებით.
შესრულებულია ინგლისურ ენაზე და წერილობით, გამოცემულია 2001 წლის 24 ივლისს, სასამართლოს რეგლამენტის 77-ე წესის მე-2 და მე-3 პარაგრაფების შესაამისად
ს. დოლლე ჯ.-პ. კოსტა
განმწესრიგებელი თავმჯდომარე
© Rada Europy / Europejski Trybunał Praw Człowieka, źródło: HUDOC (hudoc.echr.coe.int), pozyskano 14.07.2026. · Źródło